ფეხბურთი

15:43 | 30.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გოროზია: “ახალ ტაქტიკასთან შეგუებაა საჭირო”

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა 23 და 28 მარტს კარგი მატჩები ჩაატარა, ჯერ სან მარინოს 4:0 სძლია შესარჩევში, მერე კი 3:3 უკრაინასთან ამხანაგურში. გასაგებია, რომ სან მარინო სუსტი იყო, თუმცა გია გეგუჩაძის გუნდის თამაშის ხარისხი მაინც კარგი ჩანდა და უკრაინასთანაც, სცენარის მიხედვით, მოსაგები მატჩი იყო.

Worldsport.ge-ს რესპონდენტი გიორგი გოროზიაა, რომელიც ორივე მატჩში კარგად გაისარჯა. “სტაბეკის” ნახევარმცველმა მოედნის ცენტრში საკმაო სამუშაო გასწია, პასებს კარგად ანაწილებდა.

- როგორ შეაფასებდი ამ ორ მატჩს? როგორც მთლიანად გუნდის, ასევე პირადად შენს თამაშზეც თქვი.

- საერთო ჯამში, კარგი მატჩები გამოვიდა. სან მარინოსთან შედარებით იოლი იყო, რადგან იშვიათად გადმოდიოდნენ ჩვენს ნახევარზე. უკრაინა კი ძლიერი და ჩამოყალიბებული გუნდია, რთული შეხვედრა გამოდგა მათთან. ბიჭებმა მაქსიმუმი გავიღეთ. ამხანაგურის მიუხედავად, ფეხბურთში შედეგი აუცილებელია, თან ახალი მწვრთნელი გვყავს და თავისი ტაქტიკური მონახაზები აქვს, რომელთანაც შეგუებაა საჭირო. ეს იოლი გასაკეთებელი არაა.

- გეგუჩაძის ნაკრები აშკარად შეცვლილია. შენი ხედვით, ყველაზე მეტად რაში ჩანს სახეცვლილება?

- ძალიან გახარებული ვარ იმით, რაც ნაკრების მზადებისას ვნახე. გეგუჩაძე ტაქტიკასაც და ფიზმომზადებასაც ყურადღებას აქცევს. ბევრს ვმუშაობთ ამაზე, განსაკუთრებით კი ტაქტიკაზე, რადგან ნაკრებში ჩამოსვლა მხოლოდ 10 დღე გვიწევს. ამ დროს “ფიზიკაზე” სამუშაოდ ბევრი დრო არ რჩება.

- “სტაბეკზე”: თითქმის ორი წელია, რაც თბილისის “ლოკომოტივიდან” ნორვეგის კლუბში გადახვედი და როგორ შეეგუე ახალ ჩემპიონატს? მაინც მკვეთრად განსხვავებული ფეხბურთია ნორვეგიაში.

- თავიდან ძალიან გამიჭირდა, თუმცა ნელ-ნელა შევეჩვიე. თავიდან ტემპში ჩამოვრჩებოდი. ვარჯიშისა და შრომის შედეგად, ახლა 90 წუთს თავისუფლად ვთამაშობ.

- რა შეგძინა “სტაბეკმა”?

- ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, რაც მომავალში აუცილებლად გამომადგება.

- გაქვს რაიმე შემოთავაზებები?

- არის, მაგრამ წინასწარ არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი.

- უფრო ძლიერი ჩემპიონატებიდან?

- დიახ.

- აქვე გკითხავ, შენს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში რომელმა კლუბმა და რომელმა მწვრთნელებმა შეიტანეს დიდი წვლილი?

- კლუბი, რა თქმა უნდა, თბილისის “ლოკომოტივია”. მწვრთნელებს რაც შეეხებათ, თემურ თვალჭრელიძე (შარშანწინ გარდაიცვალა – ავტ.) ჩემი პირველი მწვრთნელი იყო. შემდეგ იყვნენ დიმა თოფურიძე, გიორგი ჩიტაური, ვასილ მაისურაძე და კიდევ, ყველაზე მეტად ინდივიდუალური თვალსაზრისით ჯუბა აბაშიძისგან ვისწავლე. ანუ, მასთან ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი.

0.124293