დღეს, ბულგარეთის ქალაქ რუსეში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა 23-წლამდე მოჭიდავეთა შორის. პირველები შეჯიბრებაში ბერძნულ-რომაული სტილის 59-71-80-98 კატეგორიის ფალავნები ჩაერთვნენ. ოთხივე წონაში ქართველი ფალავნები მედლებისათვის იბრძოლებენ: ლაშა გობაძე (80) და კუკური კირცხალია (98) ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ, ხვიჩა ჭითავა (59) და რამაზ ზოიძე (71) კი ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ.
ევროპის მოქმედ ჩემპიონ ლაშა გობაძეს (80) ტიტულის დასაცავად ერთი გამარჯვება აშორებს. ფინალამდე ქართველმა ფალავანმა სამი მეტოქე ჩამოიშორა, საკვალიფიკაციო ეტაპზე შვედი ბოგდან კოურინი 10-4, მეოთხედფინალში უკრაინელი იაროსლავ ფილჩაკოვი 8-1, ხოლო ნახევარფინალში გერმანელი იანეს ვაგნერი 3-2 დაამარცხა. ფინალში ქართველი თურქ ბუკჰან აკბუდაკს შეხვდება.
კუკური კირცხალიამ (98) პირველ შეხვედრაში 1:55 წუთში სუფთა გამარჯვება მოიპოვა პოლონელ ალეკსანდრ კროცზაკთან, მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ორხან ნურიევს 3-1 მოუგო, ნახევარფინალში კი რუსი მუსა ევლოევი დაძაბულ შეხვედრაში 4:4-ზე დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც გერმანელ მუჰამედ სევერს შეხვდება.
რამაზ ზოიძემ (71) ქულების აშკარა უპირატესობით 4:26 წუთში 9-0 დაამარცხა ფრანგი მოჰამედ ზაროური, მეოთხედფინალში კი უკრაინელ ალექსეი კალინიჩენკოს 7-1 სძლია. ნახევარფინალში ის თურქ იუნუს ემრე ბასართან 1-9 დამარცხდა და ბრინჯაოსთვის მედლისთვის ბელარუს რუსლან აჰამალიეუს დაეჭიდება.
ხვიჩა ჭითავა (59) პირველ შეხვედრაში 1-10 დამარცხდა მომავალ ფინალისტ რუს სერგეი ემელინთან, სანუგეშო წრეში კი სერბი ტამას ნადი 10-2 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისათვის გერმანელ ეტიენე კინსინგერს შეხვდება.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათიდან დაიწყება. პირდაპირი ინტერნერ ტრანსლაციის ლინკი
პირდაპირი ინტერნერ ტრანსლაციის ლინკი
www.wrestling.ge