ჭადრაკი

23:37 | 28.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

სამეული დაწინაურდა

საქართველოს ქალთა 73-ე საჭადრაკო ჩემპიონატზე ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმეს: ლელა ჯავახიშვილმა და სალომე მელიამ. ლელამ ნინო ხურციძე დაამარცხა, ხოლო სალომემ – მირანდა მიქაძე.

ამრიგად, ლიდერთა ორეული ერთი ქულით უსწრებს უახლოეს მდევრებს: ხურციძეს და ლომინეიშვილს. მომდევნო ტურში ყურადღების ცენტრში ფავორიტების შეხვედრა იქნება: გვეტაძე ჯავახიშვილს ეთამაშება, ხოტენაშვილი კი – მელიას.

მესამე ტური:

ლომინეიშვილი 1:0 გავაშელი

არაბიძე 1:0 ვახანია

ხომერიკი 0.5:0.5 გვეტაძე

ჯავახიშვილი 1:0 ხურციძე

ხუხაშვილი 0.5:0.5 ხოტენაშვილი

მელია 1:0 მიქაძე

მელია – მიქაძე

გათამაშდა ფრანგული დაცვა, სადაც თეთრები დებიუტიდანვე დაეუფლენ უპირატესობას და მეფეზე გამანადგურებელი შეტევით, ეფექტურად დაასრულეს პარტია.

ჯავახიშვილი – ხურციძე

გათამაშდა კატალონური დასაწყისი, სადაც თეთრები დებიუტიდან მცირე უპირატესობას დაეუფლენ. გადამწყვეტი შეცდომა იყო შავების 14...მე7 (სჯობდა 14…კე7), რომლის შემდგომაც ძალიან დასუსტდა თეთრი უჯრები და შავი მეფის პოზიცია. ყოველივე ამით ძალიან კარგად ისარგებლა ლელამ და დამაჯერებლად გაიმარჯვა.

ხუხაშვილი – ხოტენაშვილი

გათამაშდა ვენური პარტია, სადაც თეთრებმა არც თუ ისე კარგად განალაგეს დებიუტში ფიგურები და შავები თავიდანვე დაეუფლენ ინიციატივას. შემდგომში ბელამ მოგებული პოზიციაც მიიღო, თუმცა ცაიტნოტში ვერ გამოიყენა არაერთი შესაძლებლობა, პარტია გამარჯვებით დაესრულებინა და ამიტომ, საბოლოოდ ყაიმს დასჯერდა.

ლომინეიშვილი – გავაშელი

გათამაშდა ლაზიერის გამბიტი, თეთრებმა ჯერ იზოლირებული, ხოლო შემდეგ დაკიდებული პაიკები მიიღეს ცენტრში. დაკიდებული პაიკებით მოთამაშისთვის, აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ფიგურების შენარჩუნება და მეფეზე შეტევა, ვინაიდან ენდშპილში თითქმის ყველგან მათ უარესი პოზიცია დარჩებათ. მაიამ ეს ყველაფერი თითქმის იდეალურად გაატარა პარტიაში და მეფეზე შეტევის დროს, ლაზიერის შეწირვით ეფექტურად დაასრულა პარტია.

არაბიძე – ვახანია

გათამაშდა სლავური დაცვა, სადაც შავებმა თავი აარიდეს პრინციპულ გაგრძელებებს და დებიუტიდანვე თეთრები სერიოზულ უპირატესობას დაეუფლნენ. შემდგომში მათ ეს უპირატესობა მეთოდურად კიდევ უფრო გაზარდეს და პარტია ლოგიკურად მიიყვანეს გამარჯვებამდე.

ხომერიკი – გვეტაძე

შავებმა დებიუტიდანვე მისცეს თეთრებს სივრცობრივი უპირატესობა. საეჭვო იყო თეთრების 6ა3 სვლა, მართალია პოზიცია დახურული იყო და ერთ ტემპს შეიძლება ისეთი მნიშვნელობა არ ჰქონოდა, მაგრამ მაინც უმჯობესი იყო ჯერ განვითარების დასრულება და შემდეგ შეიძლება სულაც თეთრებს a4-ის თამაში დასჭირვებოდათ. შემდგომ მანევრულ თამაშში შავები უკეთ გაერკვნენ სიტუაციაში და დიდი სათამაშო უპირატესობაც მიიღეს, თუმცა პოზიციის დახურულობიდან გამომდინარე ეს უპირატესობა მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა.

0.117517