საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა და უკრაინის ამავე ასაკობრივმა გუნდმა ზესტაფონში ამხანაგური შეხვედრა, მეგობრული შედეგით დაასრულეს – 3:3. ვინც “დავით აბაშიძეზე” არ მივიდა, მიუხედავად არცთუ კარგი მეტეოროლოგიური პირობებისა, ბევრი დაკარგა, რადგან თამაში ძალზე კარგი და ლამაზი სანახავი გამოდგა.
მთლიანობაში ჩვენი ნაკრები უპირატესობას ფლობდა და სამართლიანობა რომ ყოფილიყო, უნდა მოეგო კიდეც, მაგრამ კიდევ ერთხელ დაგვავიწყდა, რომ თამაში მსაჯის საფინალო სასტვენამდე გრძელდება. სწორედ ლაშა სილაგავას (შეხვედრის მთავარი არბიტრი) დამატებულ მეოთხე წუთზე დავკარგეთ გამარჯვება...
დავკარგეთ ბექა ვაჩიბერაძის ლამაზი გოლის გამო...
მე-18 წუთი მიმდინარეობდა, როცა ქართველთა დაცვის ხაზი ჩავარდა და მეტოქემაც შეცდომა არ გვაპატია. ედუარდ სობოლი ხელსაყრელ პოზიციაში იყო, დაარტყა და გაიტანა. მასვე, ორ წუთში დუბლის შესრულება მართებდა, მაგრამ საჯარიმოს მისადგომებიდან მცირედით ააცილა ლაზარე კაპატაძის კარს.
ვერ გაიტან, გაგიტანენო და სტუმრები დაისაჯნენ; ბაჩანა არაბული შორი დისტანციიდან გატანას ცდილობდა, თუმცა მისი დარტყმული მცველებმა დაბლოკეს, მაგრამ იქვე, უკრაინელთა კარის დარაჯმა და მცველმა ერთმანეთს ვერ გაუგეს და ცარიელ კართან რომან ჭანტურია დარჩა, ვინაც შანსი გამოიყენა – 1:1. “ემპოლის” ფორვარდმა 21-წლამდე ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა.
თუმცა რად გინდა?! – ზუსტად 5 წუთში ქართული წამომავლობის მქონე ზურაბ ოჩიგავას 60 მეტრიანი პასის მერე მეკარესთან პირისპირ რომან იარემჩუკი დარჩა და გაიტანა. რამდენადაც გამოსარჩევი იყო უკრაინელი მცველის დიდებული გადაცემა, იმდენად ცუდად გაისარჯა “ჯვაროსანთა” მცველი გაგი მარგველაშვილი, რომელსაც გოლის ავტორი ძალზე ადვილად დაუსხლტდა.
საერთოდაც, პირველ ტაიმში მრავლად იყო ასეთი ეპიზოდები, როდესაც სტუმართა შემტევები ქართველ მცველებს უსხლტებოდნენ და კუპატაძესთან პირისპირ დარჩენას ლამობდნენ, თუმცა მათ ამ მცდელობას ძირითადად ლაინსმენი ახშობდა და არა მასპინძელი უკანახაზელები...
34-ე წუთზე ანგარიში კიდევ ერთხელ გათანაბრდა. არაბული ბეზრუკთან ერთი-ერთზე დარჩა, მეკარემ მოიგერია, თუმცა დამატებაზე ოთარ კიტეიშილმა, რომელიც დღეს კაპიტანი გახლდათ, ერთი შეხებით 25 მეტრიდან გაიტანა, კარი ცარიელი იყო.
ტაიმის ბოლოსკენ ორჯერ დაწინაურება შეგვეძლო – ჯერ გიორგი თევზაძემ ჯარიმა დაარტყა და ბეზრუკმა იმდენად ცუდად ითამაშა, რომ ბურთი ხელებს და ფეხებშუა ერთობლივად გაუძვრა, თუმცა მაინც გაუმართლა და კუთხურს დავჯერდით. ამ სტანდარტს კი ჯემალ ტაბიძის სახიფათო თავური მოჰყვა, რომელიც მცირედით ასცდა სტუმართა კარს.
მერე უკვე, ხარაიშვილმა ჩააწოდა სახიფათოდ, შეტევას მარგველაშვილი აგვირგვინებდა, თუმცა ბეზრუკი ამჯერზე კარგად გაისარჯა და თავისიანები აშკარა გოლს ფეხით გადაარჩინა. ზუსტად ერთ წუთში გმირი ისევ უკრაინელთა კარის დარაჯი გამოდგა – არაბულმა მოჭრილი დაარტყა და მეკარემ ურთულესი ბურთი, ლამაზ ნახტომში კუთხურზე მოიგერია.
შეტევას, შეტევითვე უპასუხეს სტუმრებმა და იურჩენკომ დაარტყა სახიფათოდ, მაგრამ ოდნავ ზედმეტი მოუვიდა. ეს ეპიზოდი იყო და, ტაიმიც დასრულდა.
მეორე ტაიმიც ისე დაიწყო, როგორც პირველი დასრულდა – მაგრამ, მანამდე, გეგუჩაძემ სამი ცვლილება განახორციელა: ლევან შენგელია, ლუკა ზარანდია და ბუდუ ზივზივაძე მოედანზე რომან ჭანტურიას, ვალერიან გვილიასა და ბაჩანა არაბულის ნაცვლად გამოჩნდნენ. 49-ე წუთზე კი სტუმრები აშკარა გოლს გადაურჩნენ – გიორგი ხარაიშვილის დარტყმული ხარიხას მოხვდა, ხოლო დამატებაზე შენგელიას მეკარემ აჯობა და ამ ეპიზოდში მხოლოდ კუთხურს გამოვრჩით.
56-ე წუთი იყო, როცა ხარაიშვილს გატანა კიდევ ერთხელ მართებდა: ზარანდიამ კარგი პასით კიტეიშვილი მოძებნა, რომელიც სტუმართა მცველმა წააქცია და პენალტი დაინიშნა, მაგრამ “საბურთალოს” შემტევმა უხეიროდ დაარტყა: ბეზრუკმა კუთხე გამოიცნო და კუთხურზე მოიგერია. და მაინც, ქართველებმა უპირატესობა გოლში მაინც გარდასახეს – გოლი კი მთლიანად შეცვლაზე შესული ფეხბურთელების დამსახურება გახლდათ: ზარანდიამ შეტევა დაიწყო, ზივზივაძემ კი ვარდნაში დიდებული გადაცემა გაუკეთა შენგელიას, ვისაც ცარიელ კარში გატანა არ გასჭირვებია – 3:2. “ტუბიცეს” შემტევმა 21-წლამდელებში მეორე თამაშში მეორე გოლი შეაგდო. მოგეხსნებათ, სამი დღის წინ სან მარინოსაც გაუტანა, მაშინაც ცვლილებაზე გამოსულმა.
საერთოდ, მეორე ნახევარში მასპინძლები დიდ უპირტესობას ფლობდნენ და მალევე, მეოთხეც შეგვეძლო გატანა: უბრალოდ, ზარანდიას მეკარემ აჯობა დუელში, როდესაც ერთი შეხებით ურტყამდა ვიზავის კარში.
მერე იყო ლევან გეგეჭკორის გარღვევა მარჯვენა ფლანგიდან, რასაც სახიფათო ჩაწოდება და თეიმურაზ მარკოზაშვილის სახიფათო დარტყმა მოჰყვა – კუთხურს დავჯერდით. 2 წუთში უკვე შენგელიამ ითამაშა ჩინებულად და ლაშა კოჩლაძემ ერთი შეხებით დაარტყმა, მაგრამ ბეზრუკმა ფეხით გადაარჩინა თავისი გუნდი.
ბოლო წუთზე კი კინაღამ დავისაჯეთ გამოუყენებლი მომენტების გამო: ცენტრალური მცველების მოდუნებით ალექსანდრ ზუბკოვი სარგებლობდა, რომელმაც ოლეგ დანჩენკოს ჩაწოდებულს თავი შეაგება, მაგრამ ისეთი პოზიციიდან ვერ გაიტანა, გატანა უფრო ადვილი რომ იყო... ერთი სიტყვით დაგვინდო.
მერე, ლაშა სილაგავამ შეხვედრას 4 წუთი დაამატა და ზუსტად ბოლო დამატებული წუთი მიმდიანრეობდა, როცა ყველაფერი შეიცვალა. უკრაინელებმა ლაზარე კუპატაძის კარი ლამაზი დარტყმით აიღეს, გოლის ავტორი კი ვინ გახლდათ? – ბექა ვაჩიბერაძე... ეს იყო და, თამაშიც დასრულდა – 3:3.
გია გეგუჩაძის დასაწყისი ახალგაზრდულ ნაკრებში დამაიმედებელია: საერთოდაც, თუ სან მარინოსთან შეფასებების გამოტანა მაინც რთული იყო, უკრაინასთან დაპირისპირებამ აჩვენა, რომ გეგუჩაძის გუნდი შემეტევ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას.
ვინც, “დავით აბაშიძეზე” გამართულ მატჩს თვალი მიადევნა, დაგვეთანხმება, რომ ქართველი ფეხბურთელები უპირატესად უტევდნენ და მთლიანობაში მოგებაც უფრო მეტად დაიმსახურეს, ვიდრე ფრე...
საქართველო (21წ) – უკრაინა (21წ) 3:3 (2:2)
ზესტაფონი, “დავით აბაშიძე”
მაყურებელი: 3 000
საქართველო (21წ) (4-2-3-1): კუპატაძე; გეგეჭკორი (კირკიტაძე 85), ტაბიძე, მარგველაშვილი (ჯაფიაშვილი 85), თევზაძე (ცნობილაძე 71); გოროზია (ფონიავა 85), გვილია (ზივზივაძე 46); ხარაშივილი (კოჩლაძე 67), კიტეიშვილი (მარკოზაშვილი 67), არაბული (ზარანდია 46); ჭანტურია (შენგელია 46)
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
უკრაინა (21წ) (4-2-3-1): ბეზრუკი; ლუკიანჩუკი, ოჩიგავა, კაჩარაბა, იარემჩუკი (ბესედინი 70); კაბაიევი (დანჩენკო 67), მიროშნიჩენკო; მიხაილიჩენკო (ტრეტიაკოვი 70), ვაჩიბერაძე, იურჩენკო (ზუბკოვი 46); სობოლი
მწვრთნელი: ალექსანდრ ჰოლოვკო
გოლები: 0:1 სობოლი (18), 1:1 ჭანტურია (21), 1:2 იარემჩუკი (26), 2:2 კიტეიშვილი (34), 3:2 შენგელია (60), 3:3 ვაჩიბერაძე (90)
გამოუყენებელი პენალტი: ხარაიშვილი (56)
გაფრთხილება: იარემჩუკი (52)
მსაჯი: ლაშა სილაგავა (საქართველო)