ძიუდო

15:44 | 28.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

საოცარი გოგონა - მარიამ ჯანაშვილი (+VIDEO)

თბილისში გამართულ გრან პრიში წელს უჩვეულოდ ბევრმა წარმატებულმა ძიუდოისტმა მიიღო მონაწილეობა. ტურნირის გასაშუქებლად ჩამოსულ ოფიციოზშიც არ შეინიშნებოდა ცნობილი სახეების ნაკლებობა. ჩვენს დედაქალაქს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის არაერთი მაღალჩინოსანი ეწვია და ყველამ ერთხმად გამოხატა უდიდესი კმაყოფილება ღონისძიების უმაღლეს დონეზე ორგანიზების გამო.

მათ შორის იყო ძიუდოს ექსპერტი და გულშემატკივარი, IJF-ის სატელევიზიო და ინტერნეტ რეპორტაჟების მთავარი კომენტატორი ბრიტანელი შელდონ ფრანკო რუქსი.

მას შეჯიბრის მეორე დღეს შემთხვევით დერეფანში შევხვდით. ერთმანეთი თბილად მოვიკითხეთ და ისე რომ ჩვენ არაფერი გვიკითხავს, თავად წამოიწყო:

- რა ბრწყინვალე გოგონა გყავთ მარიამ ჯანაშვილი, ეს რა საოცრებაა. მისგან ასეთ გამოსვლას ნამდვილად არ ველოდი. ის ისე გაუშინაურდა დიდების ტურნირებს, მალე ტოპ კლასის სპორტსმენი დადგებაო.

შელდონი ჯანაშვილით პირველად 2013 წელს მოიხიბლა, როცა ესტონეთში გამართულ ევროპის პირველობაზე ჭაბუკთა შორის ქართველმა გოგონამ ფურორი მოახდინა, აქეთ-იქით პანტაპუნტით მიმოყარა ყველა მეტოქე და ჩემპიონი გახდა.

მაშინ ჯერ კიდევ მეოთხედფინალურ სტადიაზე მოვიდნენ ჩვენს დელეგაციასთან ჟურნალისტები და იკითხეს.. ჯანაშვილმა ინგლისური თუ იცისო? ჩვენების გაკვირვებული სახეების დანახვაზე კი ღიმილით თქვეს--ჩემპიონი ხომ ის უნდა გახდეს და ინტერვიუზე თადარიგს აქედანვე ვიჭერთო.

შემდეგ იყო მაიამიში ჩატარებული ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი და ვერცხლის მედალი, სადაც ბრიტანელს ისეთი აღფრთოვანებით მიყავდა ჯანაშვილის შეხვედრები, ისეთ აღმატებულ ხარისხში საუბრობდა მასზე, თითქოს მისი თანამემამულე ყოფილიყოს.

აკი თავადაც ამბობდა მარიამი, შელდონს ძალიან ვუვარვარ, ყველგან, სადაც არ უნდა მნახოს, აუცილებლად მოდის ჩემთან და მის დადებით ემოციებს მიზიარებსო.

ფრანკო რუქსი ზოგადად ძალიან კარგადაა განწყობილი ქართველების მიმართ. ყველაფრით ინტერესდება. შესაბამისად კარგად იცის მარიამ ჯანაშვილის ამბებიც.

ის რომ სამმა ოპერაციამ, ჯერ მხარზე და შემდეგ ორივე მუხლზე დიდი პერიოდი გამოატოვებინა. ის, რომ ამის მიუხედავად ვაჟკაცურად გადალახა ყველა სირთულე და ძიუდოში დაბრუნდა. ისიც თუ როგორი მებრძოლი და შეუპოვარი ხასიათისაა .

2013 წელს საქართველოს საუკეთსო ქალ სპორტსმენად დასახელებულმა ჯანაშვილმა შარშან ახალგაზდრულ მსოფლიოს ჩემპიონატზეც გაიბრწყინა. იქაც ფინალში იყო და ბრიტანელ შელდონს არც მაშინ უღალატია ტრადიციისთის - აქო და ადიდა ჩვენი ფალავანი.

შემდეგ მარიამი დიდების ტურნირებში, რუტინულ ფერხულში ჩაება. თავიდან ბუნებრივია გაუჭირდა, თანაც ოლიმპიადის ლიცენზიისთვის ბრძოლაც დამატებითი ფსიქოლოგიური წნეხია 20 წლის გოგონასთვის, ვისაც ჯერ კიდევ ერთი წელი აქვს იუნიორებში საჭიდაო.

იყო წარუმატებელი გამოსვლები ჯეჯუს გრან პრიზე კორეაში და ასევე ამ წლის დასაწყისში სოფიაში კონტინენტურ თასზე. ჯანაშვილი პირველივე შეხვედრებში დამარცხდა ორივეგან.

თუმცა დიდი პოტენციალი იქაც იგრძნობოდა და რაც მთავარია არც თავად მარიამი ჰკარგავდა წარმატების იმედს.

- არა უშავს, ჩეხეთში მოსამზადებელ კემპზე მთელს გულს ჩავდებ, ათმაგად ვივარჯიშებ და თბილისში ხალხს გავახარებო - ამბობდა.

მართლაც ასე მოხდა. ჯანაშვილმა სიტყვა აასრულა. თანაც როგორ ! შელდონ ფრანკო რუქსის აღფრთოვანების მიზეზიც გასაგებია, მან ხომ ყველაზე კარგად იცის თუ ვის მოუგო ქართველმა.

თუ პირველ შეხვედრაში ყაზახ მეტოქესთან გამარჯვება შეიძლება იოლად მოეჩვენოს ვინმეს ( ეს იყო მარიამის სპორტულ კარიერაში უფროსებში პირველი მოგება ) , შემდეგი მოწინააღმდეგეები უკვე ისეთები იყვნენ, მათზე მრისხანე სულ ორი-სამი თუა მთელს მსოფლიოში.

ჯანაშვილზე 9 წლით უფროსები: ბრაზილიელი მირანდა - მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლის და ორგზის ბრინჯაოს მედლის მფლობელი, გრან სლემების სამგზის გამარჯვებული და ასევე ბელარუსი სკრიპნიკი - გასული წლის მსოფლიოს პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი.

მართალია მარიამს შემდგომ შეხვედრებში ისრაელის წარმომადგენელ გილი კოენთან და კორეელ კიმ მი რი-სთან ხელი მოეცარა და საპრიზო ადგილს ვერ შესწვდა, მაგრამ ვფიქრობთ ყველაფრის გათვალისწინებით, ამხელა რანგის ტურნირზე ნახევარფინალში გასვლა ძალიან კარგი შედეგია.

სხვათაშორის, ჩვენთან საუბარში გილი კოენმაც აღნიშნა ჯანაშვილის ჭიდაობა და გვითხრა, რომ მისი პროგრესით გაოცებულია.

ძალიან იმედიანადაა განწყობილი ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია თენაძეც.

- ყველაფერი გეგმაზომიერად მიდის, ეტაპობრივად ვაუმჯობესებთ ჩვენს ტექნიკურ და ფუნქციონალურ მომზადებას და ნათელი მომავლის გვჯერა. დასანანი მარცხები განიცადა მარიამმა, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ გამოუცდელობის ბრალია. სხვას ვერაფერს დავაბრალებ. ვიცი მისი ტექნიკური არსენალი, მისი მომზადების დონე , გარკვეული პერიოდის შემდეგ ის კიდევ უფრო გაიხსნება და მოუმატებსო - აღნიშნა მან.

ახლა ჯანაშვილი რამდენიმე დღე დაისვენებს და უნგრეთში გაემგზავრება, სადაც 4-9 აპრილს მორიგ მოსამზადებელ კემპში მიიღებს მონაწილეობას. წინ ხომ უფროსებს შორის კარიერაში პირველი ევროპის ჩემპიონატი ელის.

0.140917