ბევრი ფიქრობს, რომ სპორტში წარმატების მიღწევა ძირითადად სპორტსმენის თანდაყოლილ ტალანტზეა დამოკიდებული და ჩემპიონები მხოლოდ განსაკუთრებული ნიჭის მქონე ადამიანები ხდებიან.
ოლიმპიური თუ მსოფლიოს ჩემპიონის მედლებით დახუნძლული ლეგენდარული სპორტსმენების აბსოლუტური უმრავლესობისათვის, სპორტი სიღარიბის დაძლევისა და თავის გადარჩენის ერთადერთი გზა იყო. ამ ადამიანების წარმატების საიდუმლო ხშირად სულსაც არაა განსაკუთრებულ ტალანტში. მათ მძიმე, აუტანელი ვარჯიშითა და შრომით მიაღწიეს წარმატებას და ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენების აღზრდის მთავარ მეთოდად მშობლები და მწვრთნელები შრომისმოყვარეობის ჩანერგვას ძალიან იშვიათად იყენებენ.
კაცი ვერ დამარწმუნებს, რომ კენიელი მორბენლების, ირანელი მოჭიდავეების, ან ურუგვაელი ფეხბურთელების უმეტესობა განსაკუთრებული სპორტული ნიჭით გამოირჩევიან. ეს სპორტსმენები ბავშვობიდან მიხვდნენ, რომ აფრიკის აუტანელი სიღარიბიდან თუ ირანის გაუსაძლისი ყოფიდან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება სპორტულ დარბაზებსა და მინდვრებზე დაღვრილი რაც შეიძლება ბევრი სისხლი და ოფლი იყო.
ალბათ გინახავთ ოლიმპიადებზე მონაწილე კენიელი მორბენლების სახეები. სახეებზევე აწერიათ, რომ მათ მიერ სწარაფად გარბენილი თვითოეული მეტრი სიკვდილ-სიცოცხლის ამბავია. მათი წარმატება და დამარცხება ზღვარია ნაირობში შეძენილ ფეშენებელურ ბინასა და გადაკარგულ აფრიკულ სოფელში შიმშილობას შორის. ისინი არა ტალანტები, არამედ ლუკმაპურის მაძიებელი ათლეტები, არიან. ათლეტს კი ხშირად უამრავი ტალანტის დამარცხება შეუძლია.
მწვრთნელს ბევრი დავალების მიცემა უწევს სპორტსმენისათვის. მათ შორის აუცილებელია გუნდის მოტივირება. ძალიან ძნელია მოტივაცია ჩაუნერგო ადამიანს, რომლისთვისაც სპორტი მხოლოდ გართობაა და მეტი არაფერი.
რონალდინიო და კაკა იყვნენ ის გამონაკლისი ფეხბურთელები ბრაზილიის ნაკრებში, რომელლებიც მატერიალურად ნორმალურ ოჯახები არიან გაზრდილი. რობერტო კარლოსს ან რონალდოს რომ გასაჭირი უნახავთ, მსგავსი რამ უცხოა რონალდინიოსთვის. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ რონალდინიო მოტივაციას ადრე თუ გვიან დაკარგავდა და როგორც ჩანს დაკარგა კიდეც.
მაგარამ, შეუძლებელია მოტივაციის გარეშე დარჩეს მავანი აფრიკელი ფეხბურტელი, რადგან. მისთვის აღებული ყოველი ხელფასი თუ პრემია, აფრიკაში მცხოვრები ნათესავების შიმშილს გადარჩენილ თუნდაც ერთ ოჯახს უდრის. რონალდინიოსაგან განსხვავებით, ბევრი სხვა ფეხბურთელისათვის სპორტი, გართობა და სიამოვნების მიღების საშუალება არასოდეს ყოფილა.
ცდება ის ვინც ამბობს, რომ ათლეტების დრო ელინისტურ საბერძნეთის ეპოქას ჩაბარდა და ახლა სპორტის სახეობები სულ სხვა გზით ვითარდება. ჩემის აზრით, დღეს მთელს მსოფლიოში მილიარდობით ადამიანი სპორტით სწორედ იმიტომაა დაინტერესებული, რომ სპორტული ტრადიციები, შეხედულებები და რაც მთავარია, გამარჯვების მოპოვების საშუალებები უცვლელი დარჩა. ასპარეზობებს ინტერესი, ინტრიგა და გადაჭედილი ტრიბუნები დიდებულმა ადამიანებმა შეუნარჩუნეს. თუმცა, ნიჭის ეპოქა სპორტში არასოდეს არ დასრულებულა და არც დასრულდება. სპორტი სწორედ მათთვის არსებობს.