ძიუდო

16:04 | 26.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტატალაშვილი და გუგავა ოქროს მიუახლოვდნენ

თბილისის სპორტის ახალ სასახლეში მიმდინარე გრან პრიზე დღეს მამაკაცებს შორის საპრიზო სამეულები 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში უნდა შეივსოს. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები ორივე წონაში ფინალში იჭიდავებენ. სულ კი ირაკლი უზნაძის გაწვრთნილი გუნდი ხუთი მედლისთვის აგრძელებს ბრძოლას. ნუგზარ ტატალაშვილს (73 კგ) და ლევან გუგავას (81 კგ) ჩემპიონის ტიტულს და 300 სარეიტინგო ქულას თითო გამარჯვება აშორებთ. ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი (ორივე 73 კგ) და ზებედა რეხვიაშვილი (81 კგ) კი რეპეშაჟის ფინალში გავიდნენ.

ტატალაშვილმა ფინალის გზაზე კვიპროსელი ანდრეას კრასასი, უზბეკი მირალი შარიპოვი, ბრაზილიელი მარსელო კონტინი და საბერძნეთის ნაკრების წევრი გეორგიოს აზოიდისი ჩამოიშორა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი მონღოლ ოდბაიარ განბაატარს დაუპირისპირდება, რომელმაც ძირითად ბადეში ორი ქართველის ძლევა მოასწრო – მეოთხედფინალში ფრიდონ გიგანს აჯობა, ხოლო ნახევარფინალში – ლაშა შავდათუაშვილს.

რეპეშაჟის ფინალში გიგანი აზოიდისს შეხვდება, შავდათუაშვილი – კონტინის.

გუგავამ დილის პროგრამაში ლიტველი რამუნას დიბურისი, უნგრელი სზაბოლც კრიჟანი, თურქეთის ნაკრების წევრი ემიჰრან იუცელი, ბულგარელი ივაილო ივანოვი და საბერძნეთის ნაკრების წევრი რომან მუსტოპულოსი დაამარცხა. ფინალში კი რუს ალან ხუბეცოვს დაეჭიდება.

რეხვიაშვილი ძირითად ბადეში ესპანეთის სახელით მოჭიდავე შალვა ყალაბეგაშვილის, რუსი ივან ვორობიოვისა და ბერძენი ალექსიოს ნტანაციდისის ძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში რუსეთის ნაკრების წევრ ალან ხუბეცოვთან დამარცხდა და რეპეშაჟის ნახევარფინალში გადაერთო, სადაც ყაზახ აზიზ კალკამანულის სძლია. ბრინჯაოს მედლისთვის კი მუსტოპულოსს შეხვდება.

დღესვე, თბილისის გრან პრიზე საქართველოს დროშის ქვეშ გიორგი კაციაშვილმა (73 კგ), გიორგი პაპუნაშვილმა, უშანგი მარგიანმა (ორივე 81 კგ) და ესტერ სტამმაც (70 კგ) იჭიდავეს, მაგრამ საპრიზო სამეულში მოხვედრის შანსი დილის პროგრამაშივე დაკარგეს.

ფინალური ბლოკის შეხვედრები 17:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112507