ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტთან" მატჩში შანსი მისცეს და მან ეს გამოიყენა. მართალია, ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა სათადარიგოთა სკამიდან თამაშში ჩართულმა ორმაგი დუბლი შეასრულა. ეს გახლდათ ფაჩულიას 25-ე ორმაგი დუბლი მიმდინარე სეზონში.
წინა მატჩის მსგავსად, ცენტრის პოზიციაზე დალასელთა სასტარტო ხუთეულში ტუნისელი სალაჰ მეჯრი იყო, რომელმაც 16 წუთი ითამაშა. მოედანზე შესულმა ქართველმა ცენტრმა კი დალასელთა თამაშს მუხტი შემატა, 8 წუთში ქართველმა 6 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა და ცხადია, მოედანზე დარჩენაც დაიმსახურა.
საბოლოოდ ფაჩულიამ 25 წუთი ითამაშა და 12 ქულა, 13 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. ზაზამ 12-დან 5 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ფაჩულია იყო ერთადერთი კალათბურთელი „დალასში“, რომელმაც ორმაგ დუბლს უწია. მეჯრიმ შეხვედრა 1 ქულით და 3 მოხსნით დაასრულა, საუკეთესო შედეგი კი ვესლი მეთიუზმა დააფიქსირა, რომელმაც 26 ქულა მიითვალა. დალასელებმა დაასვენეს დირკ ნოვიცკი, თუმცა ეს რომ არ გაეკეთებინათ, ვინძლო ლიგის ლიდერი მისსავე მოედანზე დაემარცხებინათ.
ტეხასელები ოკლენდში თავიდანვე ჩამორჩნენ და დიდ შესვენებაზე 14 ქულით აგებდნენ, თუმცა ფაჩულიას და კიდევ ერთ სათადარიგო ჩარლი ვილანუევას ძალისხმევით მესამე პერიოდში თამაში გაათანაბრეს და ბოლო წუთებზე მოგების შანსიც გაუჩნდათ. შეხვედრის დასრულებამდე 2,30 წუთით ადრე დალასელებმა ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს, თუმცა ...
„გოლდენ სტეიტმა“ საბოლოოდ 128:120 იმარჯვა და ახლა ამ გუნდის შედეგი 65 მოგების წილ 7 მარცხს შეადგენს. დარჩენილი 10 მატჩიდან ოკლენდელებმა 8 რომ მოიგონ, „ჩიკაგოს“ 20 წლის წინ დამყარებულ რეკორდს გააუმჯობესებენ, რომელიც რეგულარულ ჩემპიონატში 72 მოგების ტოლფასია. „დალასთან“ გამარჯვებაში გოლდენსტეიტელებს კლეი ტომპსონმა 40 ქულით ულიდერა. სტეფ კარიმ თავი 33 ქულას, 8 მოხსნას, 8 პასს და 4 ჩაჭრას მოუყარა.
„დასალსს“ 35 მოგების წილ 37 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციიდან პლეი ოფში გამსვლელ ბოლო, მე-8 ადგილზე იმყოფება, თუმცა ასეთივე შეფარდება გააჩნია „იუტა ჯაზსს“, რომლიც პირად შეხვედრებში უარყოფითი შედეგის გამო ჩამორჩება „დალასს“.
მომდევნო მატჩს „დალასი“ საკრამენტოში, 28 მარტს გამართავს.
www.gbf.ge