ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი ისრაელის ქალაქ რამათ ჰაშარონში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის ფინალშია გასული და ტიტულამდე ერთადერთი გამარჯვება აშორებს.
მე-2 ნომრად განთესილმა მეტრეველმა გზიდან უკვე 4 მეტოქე ჩამოიცილა. ალექსანდრემ პირველ რაუნდში შვეიცარიელი ანტუან ბელიე 6:2, 7:6 (7:4) დაამარცხა, შემდეგ კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ შაჰარ ელბაზს (ისრაელი) 6:0, 6:2 სძლია, მეოთხედფინალში დანიელ ცუკერმანს (ისრაელი) 6:3, 6:2 მოუგო, ნახევარფინალში კი მე-3 რეიტინგის მქონე ფრანგ მაქსიმ ჟანვიესაც აჯობა – 6:4, 6:4.
ფინალში მეტრეველის პირისპირ მე-4 ნომრად მიჩნეული ამერიკელი პეტერ კობელტი იქნება, რომელმაც ნახევარფინალში უმთავრეს ფავორიტად შერაცხულ ებრაელ ამირ ვეინტრაუბს სძლია – 6:2, 2:6, 6:4.
შეგახსენებთ, რომ მეტრეველს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში 282-ე ადგილი უკავია და ეს, მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია. მოსალოდნელია, რომ რამათ ჰაშარონის ტურნირის შემდეგ, ალექსანდრე კიდევ უფრო წინ წაიწევს.