საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) თბილისის სპორტის ახალ სასახლეში დღეს დაწყებულ გრან პრიზე ჩემპიონი გახდა, 300 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია ფაქტობრივად გაინაღდა. მთლიანობაში კი ირაკლი უზნაძის გაწვრთნილმა გუნდმა სამდღიანი ტურნირის პირველი დღე ორი მედლით ჩაამთავრა. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ამირან პაპინაშვილი პოდიუმის მესამე საფეხურზე ავიდა და ბრინჯაოსთან ერთად 120 ქულაც მოიპოვა.
ვაჟა მარგველაშვილს პირველი მეტოქე - საუდის არაბეთის ნაკრების წევრი სულეიმან ჰამადი არ გამოუცხადდა. მეორე წრეში, უკრაინის სახელით მოჭიდავე ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონს, პირველ ნომრად განთესილ გიორგი ზანთარაიას დაეჭიდა და წუთსა და 47 წამში იპონით მოუგო.
მეოთხედფინალში მარგველაშვილმა გაცილებით მძიმე ბრძოლა გადაიტანა - თურქ შინან შანდალთან ვაზარით და იუკოთი აგებდა, მაგრამ მეოთხე წუთზე სუფთა გდებით იმარჯვა. ნახევარფინალში ებრაელ ტალ ფლიკერს დაუპირისპირდა და ორ წუთში ორჯერ შეუსრულა ვაზარი. საჩემპიონო ბრძოლაში კი იტალიელ ფაბიო ბასილეს ვაზარით გაუსწორდა და გრან პრის ოქროს მედალს კარიერაში პირველად დაეუფლა.
ტურნირზე მეორე ნომრად განთესილი ამირან პაპინაშვილი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და უკრაინელ დენის ბილიჩენკოს ვაზარით და ორი იუკოთი გასცდა. მეოთხედფინალში ყირგიზეთის ნაკრების წევრ ოთარ ბესტაევთან, საფინალო გონგამდე 5 წამით ადრე, მაშინ როდესაც ერთ შიდოს იგებდა, ვაზარიზე დაეცა.
რეპეშაჟის ნახევარფინალში ამირანმა ბულგარელ იანისლავ გერჩევს ვაზარით სძლია. "ბრინჯაოს ფინალში” კი საქართველოს ნაკრების ყოფილ წევრს, ამჟამად თურქეთის და ბექირ ოზლუს სახელით მოჭიდავე ბეთქილ შუკვანს დაეჭიდა და შეხვედრის მიწურულს მტკივნეული ილეთით მოუგო.
60 და 66 კილოგრამებში, პაპინაშვილისა და მარგველაშვილის გარდა, საქართველოს დროშის ქვეშ კიდევ სამ-სამმა ძიუდოისტმა იჭიდავა, მაგრამ ყველა პირველსავე წრეში დამარცხდა.
უმსუბუქეს წონაში ივანე ჯავახიშვილი (60 კგ) რუსეთის ნაკრების წევრ არამ გრიგორიანთან თავიდანვე ვაზარით ჩამორჩა. მართალია საფინალო გონგამდე 14 წამით ადრე თავადაც შეასრულა ვაზარიდ შეფასებული გდება, მაგრამ შეხვედრის ბედი გაფრთხილებებმა გადაწყვიტა, გრიგორიანის სასარგებლოდ.
ირაკლი კუპატაძე 39 წამში დავარდა იპონზე ფინელ იუჰო რეინვალთან. ლუხუმ ჩხვიმიანმა კი მსოფლიოს 2013 წლის ფინალისტ მონღოლ ამარტუვშინ დაშდავაასთან უილეთო შეხვედრაში ორი შიდოთი წააგო.
66 კილოგრამში ბექა შავდათუაშვილი, გიორგი გუგულაშვილი და გელა კელიხაშვილი გამოეთიშნენ ბრძოლას საწყისი ეტაპიდან. შავდათუაშვილმა ერთი წუთი გაძლო ებრაელ ტალ ფლიკერთან. ამ უკანასკნელმა გდებით აღებულ იუკოს ხელის მტკივნეული ილეთი მიაყოლა. გუგულაშვილი ბელგიელ კენეტ ვან განსბეკესთან მეოთხე წუთზე წამოეგო იპონზე. კელიხაშვილი კი ყაზახ ჟანსაი სმაგულოვთან იუკოთი დამარცხდა.
დღესვე მედლები ქალთა სამ წონით კატეგორიაშიც გათამაშდა. საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ორი წარმომადგენელი ჰყავდა და ერთ მათგანს – ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორ Mარიამ ჯანაშვილს პოდიუმამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.
მარიამს წილისყრისას აშკარად არ გაუმართლა. ქვეჯგუფში პირველ ნომრად განთესილ ბრაზილიელთან – მსოფლიოს 3-გზის პრიზიორ ერიკა მირანდასთან ერთად მოხვდა. მათი გზები ერთმანეთს მეოთხედფინალში კვეთდა. იქამდე კი ქართველ ძიუდოისტს ორ ძლიერ მეტოქესთან დაჭიდება უწევდა.
ბრწყინვალედ დაიწყო - ყაზახი გოხარ ტურმახანოვა პირველსავე შეტევაზე ხელში აიტაცა და ბეჭებზე დაანარცხა. იპონითვე, სამ წუთში გაუსწორდა მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორს, უკრაინელ დარია სკრიპნიკს.
ერიკა მირანდასთან კი Mარიამ ჯანაშვილმა უქულოდ ჩაჭიდავებულ ოთხ წუთში გამარჯვება ერთი გაფრთხილების უპირატესობით (1:2) მოიპოვა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ევროპის ბრინჯაოსან (2014) ებრაელთან - გილი კოენთან ორჯერ დაეცა ვაზარიზე და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო.
სამხრეთკორეელ მი-რი კიმის ძლევაც და ჯანაშვილი ბრინჯაოს ინაღდებდა. მშვენივრადაც დაიწყო – მეტოქე ხელში აიტაცა და საფირმო უკან გდებით დაანარცხა. ტატამის მსაჯმა თავიდან ვაზარი დააფიქსირა, მაგრამ სამსაჯო მაგიდიდან შეფასება იუკოთი შეაცვლევინეს. ცოტა ხანში უკვე კიმმა აიღო ვაზარი, რომელიც ვაზარიდვე დატოვეს და კორეელის ეს უპირატესობა გადამწყვეტი აღმოჩნდა. მარიამ ჯანაშვილი კი მე-5 ადგილს და 60 სარეიტინგო ქულას დააჯერეს.
57 კილოგრამში მოჭიდავე მარიამ ციხელაშვილი პირველსავე წრეში, უკრაინის ნაკრების წევრ შუშანა ჰევონდიანთან 25 წამში მახრჩობელათი დამარცხდა.
ხვალ საპრიზო სამეულები მამაკაცთა შორის 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში შეივსება. ქალებში – 63 და 70 კილოგრამებში. საქართველოს დროშის ქვეშ იჭიდავებენ: ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი, გიორგი კაციაშვილი (ოთხივე 73 კგ), უშანგი მარგიანი, გიორგი პაპუნაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, ლევან გუგავა (ოთხივე 81 კგ) და ესტერ სტამი (70 კგ).
წინასწარი ეტაპის შეხვედრები დილის 10 საათიდან დაიწყება.
ძიუდო
გრან პრი
თბილისი
25 მარტი
ვაჟები
60 კგ
1 დიორბეკ უროზბოევი (უზბეკეთი)
2 ამარტუვშინ დაშდავაა (მონღოლეთი)
3 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)
3 ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი)
66 კგ
1 ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო)
2 ფაბიო ბასილე (იტალია)
3 შინან შანდალი (თურქეთი)
3 ჟანსაი სმაგულოვი (ყაზახეთი)
ქალები
48 კგ
1 მონიკა უნგურეანუ (რუმინეთი)
2 ტაციანა ლიმა (გვინეა-ბისაუ)
3 ოტგონცეცეგ გალბადრახი (ყაზახეთი)
3 მარინა ჩერნიაკი (უკრაინა)
52 კგ
1 ოდეტ გიფრიდა (იტალია)
2 გილი კოენი (ისრაელი)
3 ერიკა მირანდა (ბრაზილია)
3 მი-რი კიმი (სამხრეთ კორეა)
5 მარიამ ჯანაშვილი (საქართველო)
57 კგ
1 რაფაელა სილვა (ბრაზილია)
2 ნორა გჟაკოვა (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია)
3 ჰედვიგ კარაკაში (უნგრეთი)
3 მირიამ როპერი (გერმანია)