კალათბურთი

13:43 | 25.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

18 წლამდე გოგონათა ნაკრების წარმატებული საწვრთნელი შეკრება სომხეთში

საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელ გოგონათა ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის სამასპინძლოდ ემზადება, ამხანაგური მატჩების გასამართად სომხეთში იმყოფებოდა. ლელა ცანავასა და როლანდ გელოვანის გაწვრთნილმა გუნდმა ერევანში 4 მატჩი გამართა და ყველა მოიგო.

მასპინძლები შერეული შემადგენლობით თამაშობდნენ. ყოველი მატჩის შემდეგ ასაკით უფროს კალათბურთელებს იმატებდნენ. ჩვენს ნაკრებში 1999 და 2000 წლებში დაბადებული გოგონები თამაშობდნენ, სომხეთის ნაკრებმა კი 1-2 წლით უფროსი მოთამაშეები დაიმატა, თუმცა ქართველების დამარცხება მაინც ვერ მოახერხა.

საქართველოს ნაკრებმა მატჩები შემდეგი ანგარიშებით მოიგო: 63:42, 65:54, 60:53, 61:44.

გუნდი სომხეთში შემდეგი შემადგენლობით იმყოფებოდა:

ნატალია ოთხმეზური, ვიქტორია გეგეშიძე, თეონა ვახანია, ქეთი სიგუა, მარიამ ადამია, მარიამ ღარიშვილი, გვანცა ბოჭორიშვილი, მარიამ დარჩია, თეონა მაჩალაძე, ანა ქავთარაძე, ეკატერინე ელცოვა, ხატია რიჟამაძე, ელენე ილურიძე, სალომე კალანდაძე, ქეთევან გოგოლაძე.

ამ ნაკრების ბირთვს საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრები წარმოადგენენ, რომლებმაც გასული წლის ივლისში თბილისში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე იასპარეზეს.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ძალისხმევით, თბილისმა 2016 წელს გოგონათა შორის ევროპის C დივიზიონის მასპინძლობის უფლება მოიპოვა.

8-13 ივლისს თბილისში სომხეთის, ანდორის, მალტის, უელსის, გიბრალტარის და კოსოვოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებები ჩამოვლენ, რომლებიც საქართველოსთან ერთად იბრძოლებენ B დივიზიონის საგზურის მოსაპოვებლად.

საქართველოს ნაკრები სომხეთში მაისის თვეშიცაა მიწვეული, როცა ერევანს რუსეთის 2 გუნდი ამხანაგურ ტურნირში საასპარეზოდ ეწვევა.

www.gbf.ge

0.143815