საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის პირველი მატჩი ინგლისთან 1:2 წააგო.
ესპანეთში "ესტადიო ლუის როდრიგეს სალვადორზე" გამართულ შეხვედრაში ანგარიში მე-8 წუთზე, ლონდონის "ჩელსის" ახალგაზრდული გუნდის თავდამსხმელმა ტამი აბრაჰამმა ჯოშუა ონომაჰის გადაცემის შემდეგ გახსნა. ორ წუთში საგოლე პასის და გოლის ავტორებმა როლები გაცვალეს და "ტოტენჰემის" ნახევარმცველმა მეორე გოლი გაიტანა. 84-ე წუთზე ქართველთა მხრიდან ირაკლი ბიძინაშვილის გადაცემით თავი გურამ გოშთელიანმა გამოიჩინა.
უეფას 19-წლამდელთა ელიტრაუნდის პირველი ჯგუფის შეხვედრებს ესპანეთი მასპინძლობს. ლუის დე ლა ფუენტეს შეგირდებმა პირველ მატჩში ბერძენი თანატოლები 2:0 დაამარცხეს. მომდევნო შეხვედრას გიორგი ყიფიანის გუნდი ესპანეთთან 26 მარტს გამართავს. ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე პირველადგილოსანი გადის.
ინგლისი: ვუდმენი, ტეილორ მური, კუკი, ამსტრონგი, აბრაჰამი, ბრაუნი (ოჯო 79), უოლკერ-პიტერსი, ონომაჰი (კონოლი 79), ფრაი, მოორი, მაიტლანდ-მილსი.
მწვრთნელი: ადრიან ბუსროიდი
საქართველო: გოშაძე, ჩაჩუა, ლოჩოშვილი, ჭიჭინაძე, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი (სამურკასოვი 75), ბერიძე (ბიძინაშვილი 59), გოშთელიანი, მიქელთაძე, არაბიძე (არდაზიშვილი 59), კომახიძე.
მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი