იაპონურ ოსაკაში მიმდინარე საგაზაფხულო ბაშოს მე-12 დღეს ორივე ქართველმა სუმოისტმა წააგო, შედეგად, ტოჩინოშინის კვალად, უარყოფით ბალანსს (მაკე-კოში) გაგამარუც მიუახლოვდა.
აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელი აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა ოკინოუმისთან იორიკირით დამარცხდა და წაგებათა ლიმიტი ამოწურა.
გაგამარუს მაჩვენებელი 5 მოგება და 7 მარცხია, ამდენად, მას წოდებაში დაწინაურებისთვის დარჩენილი სამივე ბრძოლის მოგება სჭირდება. ქართველი გოლიათის მომდევნო მეტოქე აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა იკიოი იქნება. ჯუღელი მასთან ურთიერთშეხვედრებში 1:7 მარცხდება.
ძალიან წარუმატებელი ტურნირი აქვს ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილ ლევან გორგაძეს, რომელმაც 3 მოგების წილ უკვე მე-9 მარცხი განიცადა. ამჯერად, მან ჩინელ დასავლეთის მე-4 მაეგაშირა სოკოკურაისთან სუკუინაგეთი წააგო.
ტოჩინოშინი ჰარუ ბაშოზე დასავლეთის მე-2 მაეგაშირას ტიტულით ირჯება, თუმცა, უკვე ცხადია, რომ სერიოზული დაქვეითება ელის.
საგახაფხულო სუპერტურნირის მე-13 დღეს ქართველი სუმოისტის პირისპირ აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირა ტაკეკაძე დადგება, რომელთანაც ლევანს კარგი ბალანსი (10 მოგება, 3 მარცხი) გააჩნია.
უაღრესად საინტერესოდ ვითარდება ამბები ჰარუ ბაშოს სათავეში. იაპონელი ოძეკი კისენოსატო 10 ტურის თავზე ერთპიროვნული ლიდერი იყო, თუმცა, შემდეგ მიჯრით 2 მარცხი განიცადა და პირველობა დაკარგა.
ამჯერად, კისენოსატო ჰატაკიკომით იოკოძუნა ჰარუმაფუჯისთან დამარცხდა და ოძეკი გოეიდოსთან და აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა მიოგირიუსთან ერთად, წინ გაჭრილ ჰაკუჰოს უახლოეს მდევრად რჩება.
მონღოლმა იოკოძუნამ ხსენებულ გოეიდოს ოშიდაშით სძლია და თავი 11 გამარჯვებას მოუყარა, ამდენად, დღეისთვის, “იმპერატორის თასთან” ყველაზე ახლოს იმყოფება.
ჰარუ ბაშოს მე-13 დღეს არაერთ საინტერესო შერკინებას ველით: ჰაკუჰო იოკოძუნა კაკურიუს (8-4) გაეჯიბრება, კისენოსატო – მე-3 მაეგაშირა აოიამას (5-7), გოეიდო – ოძეკი ტერუნოფუჯის (8-4), ხოლო მიოგირიუ – მე-13 მაეგაშირა მიტაკეუმის (7-5).
მართალია, პირველობისთვის ვეღარ გაიბრძოლებენ, თუმცა, ყურადღებას იპყრობს იოკოძუნა ჰარუმაფუჯისა და ოძეკი კოტოშოგიკუს ჯახიც.