იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანტონიო კონტეს, დიდი ალბათობით, ფაბიო კაპელო შეცვლის. როგორც Sky Sport Italia იტყობინება, 69 წლის სპეციალისტთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და ის უმთავრეს კანდიდატად მიიჩნევა. ამავე გამოცემის ცნობით, ეროვნული გუნდის სათავეში კაპელოს დანიშვნის შემთხვევაში, მისი ასისტენტი არაბეთსა და ჩინეთში სამწვრთნელო პრაქტიკა მიღებული ფაბიო კანავარო იქნება.
ცნობილია, რომ კონტე ნაკრებს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შემდეგ დატოვებს და ეს ცოტა ხნის წინ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კარლო ტავეკიომ ოფიციალურად დაადასტურა, თუმცა მის შემცვლელებზე საუბრისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.
სამწვრთნელო ასპარეზზე სახელმოხვეჭილ ფაბიო კაპელოს სანაკრებო დონეზე ინგლისისა (2008-2012) და რუსეთის (2012-2015) ეროვნული გუნდები გაუწვრთნია. ის 2015 წლიდან უმუშევარია. ფაბიო კანავარომ მწვრთნელობა 2013 წლიდან “ალ აჰლიში” ასისტენტად დაიწყო, შემდეგ “გუანჯოუ ევერგრანდს” წვრთნიდა, ბოლოს კი “ალ ნასრში” მუშაობდა.