რაგბი

23:41 | 23.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

9 ტიტული, გულშემატკივარი და სტადიონი – რატომ უნდა შევცვალოთ იტალია

2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, ექვსი ერის კარის გახსნაზე საუბრები გახშირდა, ხოლო წლევანდელი ექვსი ერისა და ერთა თასის მატჩების პარალელურად, ამ იერიშებმა მასობრივი ხასიათი მიიღო.

დღე არ გავა ისე, მინიმუმ ერთი სარაგბო და ზოგადად სპორტული გამოცემა, ცნობილი ჟურნალისტი თუ სპეციალისტი არ გამოეხმაუროს ამ თემას და არგუმენტირებული, დასაბუთებული გზავნილი არ გამოაქვეყნოს.

გასულ შაბათს კარდიფში იტალიის შერცხვენის და საქართველოს მიერ რუმინეთის ლამაზ სტილში დამარცხების შემდეგ, პოლ ვასელმა გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველომ იტალია უნდა შეცვალოს“.

„ხშირად ისმის მოთხოვნები, რომ მეორე ეშელონის ევროპულ გუნდებს ექვს ერში თამაშის საშუალება უნდა მიეცეთ. ამ ორ საერთაშორისო ტურნირს შორის კარი უნდა გაიხსნას და გაიმართოს გადათამაშება.

ახლა, იტალიამ მორიგი „ხის კოვზი“ დაისაკუთრა, 2016 წლის ექვს ერზე ყველა თამაში წააგო და იქნებ მართლაც მოვიდა დრო იმისა, რომ იტალია საქართველომ ჩაანაცვლოს? 2000 წლიდან, რაც იტალია ექვს ერს დაემატა, ყოველ წელს ცდილობს ბოლო ადგილისთვის თავის დაღწევას და მთელი 16 წელიწადი „ხის კოვზისგან“ თავის დაღწევისთვის ბრძოლას მოანდომა. ამავე დროს საქართველო ყოველწლიურად ვითარდება.

გასაოცარია, მაგრამ 52 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა სტადიონზე, როდესაც საქართველომ რუმინეთი 38:9 დაამარცხა. საქართველომ კიდევ ერთხელ მოიგო ერთა თასი, ახლა უკვე ზედიზედ მეექვსედ.

რეალურად, 2007 წლის შემდეგ, საქართველო ყოველ წელს იგებს ამ ტურნირს და გამონაკლისი მხოლოდ 2010 წელია, როდესაც რუმინეთმა ეს ტენდენცია შეაჩერა. თვალსაჩინოა, რომ საქართველოს ნაკრები კლასით ბევრად უფრო მაღლა დგას მეორე დონეზე მოასპარეზე მეტოქეებთან შედარებით, მაგრამ ევროპული რაგბის უმთავრეს ტურნირში დაწინაურებაზე მაინც უარს ეუბნებიან.

ახლა, როცა საქართველომ კონკურენტს ამხელა აუდიტორიის წინაშე სძლია, იმედი უნდა გვქონდეს, რომ ექვსი ერის კომიტეტის წევრები იმ ქვეყნისთვის კარის გახსნით, რომლის ერიც რაგბიზეა შეყვარებული, ფინანსური მოგების პერსპექტივებსაც დაინახავენ.

თბილისში ახალი სარაგბო სტადიონი უნდა აშენდეს. ამის შესახებ 2014 წლის მიწურულს სახელმწიფომ სპეციალური განცხადება გააკეთა და ეს იქნება მესამე დიდი სტადიონი ამ ქალაქში.

უამრავი რამაა, რაც საქართველოსა და არგენტინას ამ მიმართულებით აკავშირებთ, ვიდრე ამ უკანასკნელს ოთხ ერში მიიღებდნენ. ორივე ქვეყნის მორაგბეთა დიდი ნაწილი საფრანგეთისა და ინგლისის კლუბებში ჰყავდა მივლენილი, ორივე ნაკრებმა უდიდეში შთაბეჭდილება მოახდინა მსოფლიო თასზე, როდესაც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან თამაშის საშუალება მიეცათ.

სულ უფრო რთული ხდება ექვსი ერის ორგანიზატორებისთვის მზარდი მოთხოვნის იგნორირება და ადრე თუ გვიან, ცვლილება და ასვლა-ჩასვლის სისტემის დანერგვა აუცილებელი გახდება, რათა მიეცეს შანსი ისეთ სწრაფად პროგრესირებად გუნდს, როგორიც საქართველოა“.

www.worldrugby.ge

0.118334