სხვა

21:47 | 23.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ძალოსნობა: მზადება იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის

2016 წლის 25 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით თბილისი იუნიორ ძალოსანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელების პრესკონფერენცია გაიმართა.

ჟურნალისტებს მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი და ფედერაციის მესვეურები შეხვდნენ.

“შარშან, თბილისში უმაღლეს დონეზე ორგანიზებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ახალი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა – იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება დაგვრთო.

ჩვენ სიხარულით მივიღეთ ეს გამოწვევა და მჯერა, იმ ძლიერ გუნდთან ერთად, რომელიც ჩვენს ფედერაციაშია შეკრებილი, ამ მართლაც უმაღლესი დონის ტურნირსაც სათანადოდ ვუმასპინძლებთ.

საქართველოში ძალოსნობაში ასამდე ახალგაზრდა ვარჯიშობს, თუმცა სიამაყით უნდა განვაცხადო, რომ მიუხედავად ამ მოკრძალებული რიცხვისა, შარშან სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე 35 მედალი მოვიპოვეთ!

მჯერა, არც იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე შევირცხვენთ თავს. აქვე მსურს 87 წლის იუბილე მივულოცო ჩვენს სახელოვან ძალოსანს ბატონ რაფაელ ჩიმიშკიანს, ჯანმრთელობა, მხნეობა და ახალგაზრდა სპორტსმენთა სამაგალითოდ კიდევ დიდხანს დღეგრძელობა ვუსურვო”, - განაცხადა ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა.

“სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო უერთდება ბატონ კახის მილოცვას და დაბადების დღეს ულოცავს ჩვენს საამაყო სპორტსმენს, ერთ-ერთ პირველ ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონს ბატონ რაფაელ ჩიმიშკიანს!

რაც შეეხება თბილისში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატს, ვიმედოვნებ, ეს ტურნირი ისევე მაღალ დონეზე იქნება ორგანიზებული, როგორც – ევროპის შარშანდელი პირველობა, რომელიც “ევროსპორტის” ეთერით მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში პირდაპირ რეჟიმში გადაიცემოდა.

ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ერთ-ერთი გამორჩეული ფედერაციაა და დარწმუნებული ვარ, ძალოსანთა ძლიერი გუნდი ამოცანას თავს კარგად გაართმევს”, - განაცხადა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ზურაბ ბოქოლიშვილმა დამსწრეთ იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებული სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხები, მოსამზადებელი სამუშაოები და საინტერესო დეტალები გააცნო.

მისი თქმით, ტურნირს ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს, სპორტსმენები კი დიღომში, ფრენბურთის დარბაზში ივარჯიშებენ. ზურაბ ბოქოლიშვილის თქმით, ტურნირის ბიუჯეტი მილიონ 100 ათასი ლარია, პროგრამა კი უკვე დეტალურადაა გაწერილი.

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ (IWF) იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატის თბილისში გამართვა ამერიკის ქალაქ ჰიუსტონში, აღმასრულებელი საბჭოს შეხვედრაზე გადაწყვიტა. ამ გადაწყვეტილებაზე, როგორც უკვე ითქვა, დადებითად იმოქმედა შარშან თბილისში უმაღლეს დონეზე ჩატარებულმა ევროპის ჩემპიონატმა. თბილისის სპორტის სასახლეში გამართული შეჯიბრება პოპულარულმა სპორტულმა არხმა “ევროსპორტმა” პირდაპირ ეთერში 40 საათის განმავლობაში გააშუქა.

25 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, უშუალოდ მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, თუმცა ოფიციალური შეხვედრები 21 ივნისიდან დაიწყება: ამ დღეს ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის სხდომა შედგება, 22-23 ივნისს აღმასრულებელი საბჭოს შეხვედრაა დაგეგმილი, 24 ივნისს კი – საერთაშორისო ფედერაციის კონგრესი.

რაც შეეხება რაფაელ ჩიმიშკიანს, ერთ-ერთი პირველი ოლიმპიური ჩემპიონი დღეს 87 წლის გახდა. ჩემპიონის ტიტული მან 1952 წელს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში მოიგო. 1954 და 1955 წლებში ის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 1950, 1952, 1954, 1955, 1956 და 1957 წლებში კი ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1951 წელს რაფაელ ჩიმიშკიანი მსოფლიო უნივერსიადის გამარჯვებული გახდა, 1949, 1951, 1954, 1955 და 1960 წლებში კი – საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. სხვადასხვა დროს მან 11 მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური

0.127393