ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოს მე-11 დღეს ორივე ქართველმა სუმოისტმა იმარჯვა და ეს, ამ ტურნირზე პირველად მოხდა. თავდაპირველად, გაგამარუმ იმარჯვა, შემდეგ კი მას მხარი ტოჩინოშინმა აუბა.
გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი ჯერაც ინარჩუნებს დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დაფიქსირების შანსს. აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირას წოდების მქონე ქართველმა გოლიათმა, დღეს, 6 მარცხის წილ მე-5 გამარჯვება იზეიმა.
გაგამარუმ ოშიდაშით აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირა დაიშომარუ დაჯაბნა, შემდეგ ბრძოლას კი აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა ოკინოუმის წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც 1:3 მარცხდება. იოლი გამოსათვლელია, რომ ჯუღელს წოდებაში დაწინაურებისთვის დარჩენილი 4 ბრძოლიდან სამის მოგება სჭირდება.
სამწუხაროდ, კაჩი-კოშს ვეღარაფრით დააფიქსირებს ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი, თუმცა, ახლა ის იმისთვის იბრძვის, რომ რეიტინგში მინიმალური ვარდმა განიცადოს.
დასავლეთის მე-2 მაეგაშირას ტიტულით მოასპარეზე ქართველმა სეკიტორმა 8 მარცხის წილ მე-3 მოგება (ოშიდაშით) დასავლეთის მე-5 მაეგაშირა შოჰოძანთან იზეიმა. ჰარუ ბაშოს მე-12 დღეს ტოჩინოშინის პირისპირ დასავლეთის მე-4 მაეგაშირა სოკოკურაი დადგება. ქართველი სუმოისტი ჩინელს ერთადერთხელ შერკინებია და დადებითი ბალანსი აქვს.
საინტერესო ცვლილელები მოხდა საგაზაფხულო სუპერტურნირის სათავეში. იოკოძუნა ჰაკუჰომ ოძეკი კისენოსატოს პირველი მარცხი აგემა და მას წამოეწია. ახლა, ხსენებულ ორ სუმოისტს, ისევე, როგორც ოძეკი გოეიდოს, 10-10 გამარჯვება აქვთ. ცნობისთვის, ამ უკანასკნელმა იოკოძუნა ჰარუმაფუჯის კუბინაგეთი მე-4 მარცხი აგემა და საჩემპიონო რბოლას საბოლოოდ ჩამოაშორა.
ჰარუ ბაშოს მე-11 დღის მიმოხილვა
გაგამარუს ორთაბრძოლა - 1:30-დან, ტოჩინოშინის - 7:07-დან