რუსეთში მძვინვარე დოპინგ-სკანდალი მოჭიდავეებსაც გადაედოთ. საუბარია უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობ პრეპარატ მილდრონატზე, რომელიც წლის დასაწყისიდან ჯამში 10 სპორტის სახეობის წარმომადგენელ 40 (!) რუს სპორტსმენს აღმოუჩინეს.
ახალი სკანდალური განცხადება რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხაილ მამიაშვილმა გააკეთა: “გვაქვს ინფორმაცია, რომ მილდრონატზე დადებითი ტესტი სერგეი სემიონოვს და ევგენი სალეევს დაუმტკიცდათ, თუმცა, ამის დაჯერება არ გვინდა. ვეცდებით, დავამტკიცოთ, რომ მათ აკრძალული პრეპარატი არ მიუღიათ. თუკი ასე გაგრძელდა, დიდი შანსია, ოლიმპიადაზე დელეგაცია საერთოდ ვეღარ გავაგზავნოთ”.
ცნობისთვის, მამიაშვილის მიერ დასახელებული ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები უტიტულობას ნამდვილად არ უჩივიან. სალეევმა (82 კგ.) 2014 წელს ტაშკენტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ბაქოურ ევროპის პირველობაზე კი ჩემპიონი გახდა.
ათიოდ დღის წინ ლატვიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე სალეევმა 85 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა და ნახევარფინალამდე მისვლა შესძლო, სადაც მას გზა მომავალმა ვერცხლის პრიზიორმა ქართველმა რობერტ კობლიაშვილმა გადაუღობა, რუსი კი, საბოლოოდ, ბრინჯაოს მედლის გარეშეც დარჩა.
თავის მხრივ, სერგეი სემიონოვი (130 კგ.) 2015 წელს მსოფლიო თასის ვერცხლისმედალოსანი გახდა.