იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე საგაზაფხულო ბაშოს მე-10 დღეს ორივე ქართველმა სუმოისტმა მარცხი განიცადა. ეს განსაკუთრებით მტკივნეული ტოჩინოშინისთვის უნდა იყოს, რომელიც წოდებაში დაქვეითებას ვეღარ გადაურჩება.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ლევან გორგაძე ჰარუ ბაშოს დაასვლეთის მე-2 მაეგაშირას ტიტულით შეხვდა და უკვე შეიძლება ითქვას, რომ ძალიან წარუმატებელი ტურნირი გამოუვიდა.
ქართველ სეკიტორს 10 დღის თავზე 8 მარცხი მოუგროვდა, მაკე-კოში (უარყოფითი ბალანსი) კი ოფიციალურად დასავლეთის კომუსუბი ტაკარაფუჯისთან გაიფორმა, რომელმაც იორიკირით იძალა.
ახლა, ტოჩინოშინის მიზანი ისაა, დარჩენილი ხუთ შერკინებაში მაქსიმალური სარგებელი ნახოს, რათა სარეიტინგო ვარდნა მინიმალური იყოს. ქართველი სუმოისტის მომდევნო მეტოქე დასავლეთის მე-5 მაეგაშირა შოჰოძანი იქნება, რომელსაც ლევანი ურთიერთშეხვედრებში 5:1 ამარცხებს.
წარუმატებელი დღე ჰქონდა 199-კილოგრამიან თეიმურაზ ჯუღელს იგივე გაგამარუს, რომელიც ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე მსუბუქ წევრ – აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირა სატოიამას გაეჯიბრა, თუმცა, შიტატენაგეთი დამარცხდა.
გაგამარუს, რომელსაც აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირას წოდება გააჩნია, 4 მოგება და 6 მარცხი მოუგროვდა და კაჩი-კოშისთვის (დადებითი ბალანსი) დარჩენილი 5 ბრძოლიდან ოთხის მოგება სჭირდება. ჰარუ ბაშოს მე-11 დღეს ქართველი გოლიათის პირისპირ აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირა დაიშომარუ დადგება, რომელსაც ჩვენებური მაკუუჩიში პირველად გაეჯიბრება.
უცვლელია ვითარება საგაზაფხულო ბაშოს ლიდერებს შორის. 10 მოგებით ტურნირის სათავეში ოძეკი კისენოსატო იმყოფება, თითო გამარჯვებით ნაკლები კი იოკოძუნა ჰაკუჰოს და ოძეკი გოეიდოს გააჩნიათ. “იმპერატორის თასისთვის” ბრძოლა ძალიან გაუჭირდებათ იოკოძუნებს – კაკურიუს და ჰარუმაფუჯის, რომელთაც პასივში უკვე სამ-სამი მარცხი აქვთ.
ჰარუ ბაშოს მე-10 დღის მიმოხილვა
გაგამარუს ორთაბრძოლა - 2:12-დან, ტოჩინოშინის - 8:23-დან