ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ საგაზაფხულო სუპერტურნირზე მე-2 გამარვება იზეიმა, თუმცა, კვლავაც ურთულესი მისიის წინაშე დგას. შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინს წაგებათა ლიმიტი უკვე ამოწურული აქვს, ამდენად, დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დასაფიქსირებლად დარჩენილი ექვსივე ბრძოლის მოგება სჭირდება.
დასავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინმა აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა ოკინოუმის ურთულეს შერკინებაში უვატენაგეთი სძლია, მისი შემდეგი მოწინააღმდეგე კი დასავლეთის კომუსუბი ტაკარაფუჯი იქნება, რომელსაც ქართველი ურთიერთშეხვედრებში 5:3-ს უგებს.
სამწუხაროდ, უარყოფით ბალანსზე (4 მოგება, 5 მარცხი) გავიდა გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი. ქართველი გოლიათი, რომელიც ჰარუ ბაშოზე აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირას წოდებით ირჯება, დასავლეთის მე-14 მაეგაშირა დაიეიშოსთან ოშიდაშით დამარცხდა.
ოსაკაში მიმდინარე ტურნირის მე-10 დღეს გაგამარუს პირისპირ აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირა სატოიამა დადგება, რომელსაც თეიმურაზი მხოლოდ 2-ჯერ შეხვედრია და თანაბარი მაჩვენებელი აქვს.
ჰარუ ბაშოს სათავეში ოძეკი კისენოსატო იმყოფება, რომელმაც მიჯრით მე-9 გამარჯვება ოძეკი კოტოშოგიკუსთან მიითვალა. ლიდერს თითო გამარჯვებით ჩამორჩებიან იოკოძუნა ჰაკუჰო და კიდევ ერთი ოძეკი გოეიდო. ცნობისთვის, ამ უკანასკნელმა იოკოძუნა კაკურიუ იორიკირით დაჩაგრა და მას მე-2 წაგება აგემა.
ჰარუ ბაშოს მე-9 დღის მიმოხილვა
გაგამარუს ორთაბრძოლა – 1:40-დან, ტოჩინოშინის – 5:58-დან