საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინურ გუანჟოუში მიმდინარე ჩელენჯერის (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, თანაც, ეს, დღეს, ერთბაშად 2 მატჩის მოგების ხარჯზე მოახერხა.
ტურნირის ორგანიზატორთა გეგმები უამინდობამ არია, რის გამოც ჩოგბურთელებს გადატვირთული გრაფიკით თამაში მოუწიათ.
მე-7 ნომრად განთესილი ბასილაშვილი დილას ჯერ ხორვატ ფრანკო სკუგორს გაეჯიბრა და 6:7 (7:9), 6:4, 6:2 სძლია, შემდეგ კი მე-2 რეიტინგის მქონე დუდი სელას (ისრაელი) 6:7 (5:7), 6:4, 2:0-ს უგებდა, როდესაც მეტოქემ თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
ამ წარმატების წყალობით, ქართველმა ჩოგბურთელმა 55 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, ხოლო თუკი ფინალშიც იმარჯვებს, აქტივს 90 ქულას შემატებს.
გადამწყვეტ მატჩში, რომელიც ორშაბათს შედგება, ბასილაშვილის პირისპირ მე-5 ნომრად განთესილი სლოვაკი ლუკას ლაცკო დადგება. ცნობისთვის, ეს უკანასკნელი რეიტინგში 106-ე ადგილზეა, ბასილაშვილს კი 117-ე პოზიცია უკავია.