თბილისს რაგბის კლუბ “მონპელიეს” მფლობელი და პრეზიდენტი მოედ ალტრადი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ის შევარდენის ბაზაზე საქართველოს რაგბის კავშირისა და რაგბის კლუბ “აიას” წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმი ითვალისწინებს ტექნიკურ დახმარებას ქართული რაგბის განვითარებისთვის, კერძოდ: რაგბის მწვრთნელებისა და მენეჯერების გადამზადება, ახალგაზრდა მოთამაშეების ურთიერთგაცვლა, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში საწვრთნელი მატჩების ორგანიზება, საფრანგეთიდან მოწვეული სპეციალისტების მიერ საგანმანათლებლო სახის სემინარები რაგბის მოთამაშეების ცოდნის ამაღლებისთვის, ტექნიკური დახმარება ფიტნესისა და კვების თანამედროვე ტენდენციებთან დაკავშირებით, აგრეთვე, სხვა საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს მოთამაშეებისა და რაგბის განვითარებას.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად “მონპელიეში” თამაშობენ საქართველოს ნაკრების პირველხაზელები მიხეილ ნარიაშვილი და დავით ქუბრიაშვილი. ამავე კლუბში ასპარეზობდნენ მამუკა გორგოძე, ლაშა ლომიძე, გიორგი ჟღენტი და გაგი ბაზაძე.