საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინურ გუანჟოუში მიმდინარე ჩელენჯერის (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) მეოთხედფინალში გააღწია, რისი წყალობითაც 17 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.
მე-7 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა მერვედფინალში შვეიცარიელი მარკო ჩიუდინელი 7:5, 6:0 დაამარცხა, ნახევარფინალის საგზურისთვის კი ხორვატ ფრანკო სკუგორს ეთამაშება, რომელმაც გზიდან იტალიელი ტომას ფაბიანო ჩამოიცილა – 6:4, 6:3.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ბასილაშვილის აქტივში 501 ქულაა და ის პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (AთP) რეიტინგში 117-ე ადგილზე იმყოფება.
ისიც ვთქვათ, რომ წყვილთა ტურნირში ბასილაშვილმა და ავსტრიელმა მაქსიმილიან ნოიკრისტმა მე-3 ნომრად განთესილ ჩინურ-ტაივანურ დუეტთან (მაო-ქსინ გონგი/ჩუ-ჰუან იი) 7:6 (7:1), 6:4 იმარჯვეს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.
უკვე ცნობილია, რომ ფინალის საგზურისთვის ბასილაშვილი და ნოიკრისტი პირველი განთესვის მქონე ტაილანდელებს – სანჩაი და სონჩატ რატივატანებს გაეჯიბრებიან.