სხვა

15:10 | 18.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის და გაგამარუს მარცხიანი დღე ოსაკაში

იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე საგაზაფხულო ბაშოს მე-6 დღეს ორივე ქართველმა სუმოისტმა წააგო და თუკი გაგამარუს მდგომარეობას კრიტიკულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, ტოჩინოშინი საკმაოდ მძიმე ვითარებაში იმყოფება.

ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი, რომელიც ჰარუ ბაშოს დასავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, აღმოსავლეთის იოკოძუნა კაკურიუს დაუპირისპირდა და იორიკირით დამარცხდა.

ტოჩინოშინის 6 დღის თავზე ერთადერთი გამარჯვება შერჩა, მომდევნო ორთაბრძოლას კი კიდევ ერთ დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოსთან გამართავს, რომელთანაც გასული 21-ვე (!) შეხვედრა წაგებული აქვს.

თანაბარ ბალანსზე (3 მოგება, 3 მარცხი) გავიდა გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი, რომელმაც აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა ჩიიოოტორისთან წააგო.

ქართველი გოლიათი ოსაკას დოჰიოზე აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირას ტიტულით ირჯება, სუპერტურნირის მე-7 დღეს კი ძალებს დასავლეთის მე-13 მაეგაშირა მიტაკეუმისთან მოსინჯავს. გაგამარუს ამ უკანასკნელთან 2 ბრძოლა ჩაუტარებია და ასპროცენტიანი შედეგი აქვს.

ამ დროისთვის, ჰარუ ბაშოს 2 დაუმარცხებელი ლიდერიღა ჰყავს: ესენი ოძეკი კისენოსატო და აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა იკიოი არიან. ისიც სათქმელია, რომ აღმოსავლეთის იოკოძუნა ჰარუმაფუჯიმ აღმოსავლეთისვე სეკივაკე იოშიკაძესთან ჰიკიოტოშით წააგო და პასივში უკვე 2 მარცხი აქვს.

ჰარუ ბაშოს მე-6 დღის მიმოხილვა

გაგამარუს ორთაბრძოლა – 2:41-დან, ტოჩინოშინის – 11:38-დან

0.119465