ფეხბურთი

10:54 | 18.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის კვირის გუნდი

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩემპიონთა ლიგის კვირის გუნდი გამოავლინა. აღსანიშნავია, რომ მიჯრით მეორედ მოხვდა სიმბოლურში “პსვ ეინდჰოვენის” ახალგაზრდა კიპერი იერონ ზოეტი. სხვა მხრივ კი, უეფას რჩეულთა სია ასეთია:

მეკარე: იერონ ზოეტი (“პსვ ეინდჰოვენი”) – სახლში ჩატარებული დამაჯერებელი თამაშის მერე ახალგაზრდა კიპერმა მადრიდშიც ჩინებულად ითამაშა და გოლი 120 წუთის განმავლობაში არ გაუშვა. მართალია პენალტების სერიაში ვერ ივარგა, მაგრამ ეს მის გარჯას არ აკნინებს. არადა, ერთ ეპიზოდში საულ ნიგეზს თერთმეტმეტრიანი ლამის აუღო...

მცველები: ხუანფრანი (“ატლეტიკო”) – “ატლეტიკო” დაცვაში დიდებულად თამაშობს. ბოლო რვა შეხვედრიდან მეექვსედ შეინახა საკუთარი კარი მშრალად. ამ დაცვის ერთ-ერთი ლიდერი კი ხუანფრანია, რომელმაც “პსვ-ს” პენალტიც გაუტანა.

ალექსანდრ დრაგოვიჩი (“დინამო”, კიევი) – “დინამოსთვის” თითქმის შეუძლებელი იყო “სიტისთან” 1:3 ჩამორჩენა აღმოეფხვრა, მაგრამ ინგლისში საპატიო ფრეს (0:0) მიაღწია და ავსტრიელმა მცეველმა ამაში დიდი წვლილი შეიტანა.

ხოსე მარია ხიმენესი (“ატლეტიკო”) – ნიჭიერმა ურუგვაელმა ლუკ დე იონგი გაანეიტრალა, განსაკუთრებით საჰაერო ორთაბრძოლებში აჯობა. მერე პენალტების სერიაშიც ზუსტად ითამაშა.

გაელ კლიში (“მანჩესტერ სიტი”) – გაელ კლიში კიევის “დინამოსთან” მატჩში აქტიურობით გამოირჩა, განსაკუთრებით პირველ ნახევარში. ანდრეი იარმოლენკო კი სრულად გაანეიტრალა.

ნახევარმცველები: იაია ტურე (“მანჩესტერ სიტი”) – კოტ დივუარელმა ვინსენ კომპანის ტრავმის მერე კაპიტნის სამკლავური მოირგო. ოდნავ რომ გამართლებოდა, გოლსაც გაიტანდა.

პოლ პოგბა (“იუვენტუსი”) – პოგბამ “იუვენტუსი” მიუნხენში დააწინაურა, მერე გერმანელ მცველებს ბევრი თავსატეხი გაუჩინა და ახლოს იყოს მის გუნდთან ერთად, წარმატებისთვის მიეღწია.

კინგსლი კომანი (“ბაიერნი”) – “იუვენტუსი” “ბაიერნთან” იმ ფეხბურთელის წყალობით დამარცხდა, რომელიც ზაფხულში მიუნხენში გაანათხოვრა. მე-60 წუთზე კომანი თამაშში ჩაერთო და თამაშის სცენარი შეიცვალა. გაიტანა გოლი, გააკეთა საგოლე პასი და საგოლე შეტევაშიც აქტიური მონაწილეობა მიიღო.

თავდამსხმელები: ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”) – ფრანგმა ფორვარდმა პსვ-ს მეკარეს თამაშიდან ვერაფერი დააკლო, თუმცა თერთმეტმეტრიანი დიდებულად დაარტყა.

ლუის სუარესი (“ბარსელონა”) – სტატისტიკა ბევრ რამეზე მეტყველებს: სუარესმა მიმდინარე სეზონში 42 თამაშში 43 გოლი გაიტანა. “არსენალთან” კი ულამაზესი ბურთი შეაგდო.

ნეიმარი (“ბარსელონა”) – ნეიმარი “არსენალთან” დამაჯერებელი იყო და ანგარიშიც სწორედ მან გახსნა.

0.116364