კალათბურთი

0:42 | 18.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

2002 წლიანთა ნაკრები ევროპის ლიგაზე სათამაშოდ გაემგზავრა

საქართველოს 2002 წელს დაბადებულ კალათბურთელთა (14-წლამდელები) ნაკრები სანკტ-პეტერბურგშია, სადაც ევროპის ახალგაზრდული ლიგის მესამე და დასკვნითი ეტაპი იმართება.

თემურ კანკიასა და ჯაბა ბაქრაძის გაწვრთნილ გუნდს რუსეთში სერბი სპეციალისტი მილოშ გლიგორიევიჩიც ახლავს, რომელიც ასაკობრივი ნაკრებების კურატორი გახლავთ.

საქართველოს ნაკრებს შანსი აქვს, წარმატების შემთხვევაში სუპერფინალში გავიდეს. გასულ 2 ეტაპზე, რომლებიც გასულ ნოემბერს ესტონეთში, ხოლო იანვარში – ლატვიაში გაიმართა, საქართველოს ნაკრებმა 10 მატჩიდან 6 მოიგო და ამჟამად 16-გუნდიან ლიგაში 5-8 ადგილებს იყოფს.

სანკტ-პეტერბურგში საქართველოს ნაკრები რეგულარულ ჩემპიონატში დარჩენილ ხუთ მატჩს გამართავს და თუკი ოთხს მოიგებს, დიდი ალბათობით იმ ოთხეულში შევა, რომელიც მაისში სუპერფინალში ითამაშებს.

საქართველოს ნაკრები სანკტ-პეტერბურგში გუშინ ჩავიდა და რამდენიმე ვარჯიში ჩაატარა. კანკია-ბაქრაძის გუნდმა იმ საკალათურთო სკოლაში ივარჯიშა, სადაც რუსეთის ნაკრების ამჟამინდელი წევრი – ტიმოფეი მოზგოვი და „ყაზანის უნიკსის“ უკანახაზელი ანტონ პონკრაშოვი აღიზარდნენ.

ჩვენი ნაკრების მეტოქეები იქნებიან რუსული გუნდები „ცენტრალნაია“, „ორბიტა“, „ბრატსკი“, „ადმირალტეისკაია“ და პოლონური „პომერანია“.

საქართველო 2002-ის კალენდარი (თბილისის დრო)

საქართველო 2002 – ცენტრალნაია 18 მარტი (10:00)

ორბიტა – საქართველო 2002 18 მარტი (17:30)

ადმირალტეისკაია – საქართველო 2002 19 მარტი (14:30)

საქართველო 2002 – ბრატსკი 19 მარტი (19:00)

პომერანია – საქართველო 2002 20 მარტი (10:00)

www.gbf.ge

0.143875