მარტვილის “მერანმა” ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე წარმატებულად დაიწყო, გუნდმა საწყის სამ თამაშში უფრო მეტი ქულა (7) აიღო, ვიდრე მთლიანად პირველ წრეში და უმაღლეს ლიგაში დარჩენის რეალური შანსი დაიბრუნა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბადრი კვარაცხელიას გაწვრთნილი გუნდი, შედეგთან ერთად სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებს, ამას უკანასკნელი ტურის მატჩიც მოწმობს “სამტრედიასთან”, სადაც მართალია დრამატულ შეხვედრაში 2:3 დამარცხნდენ მარტვილები, მაგრამ ქართულმა პრესამ ერთხმად აღიარა ეს შეხვედრა ტურის საუკეთესო მატჩად. თუ რა მდგომარეობაა მარტვილის გუნდში და რა გეგმები აქვს გუნდის ხელმძღვანელობას, ამ საკითხებთან დაკავშირებით, კლუბის დირექტორს ელდარ ბაკურიას მივმართეთ.
- “მერანი” მეორე წრეში რადიკალურად განსხვავებულ თამაშს გვთავაზობს, რა ცვლილებები განახორციელეთ საამისოდ და რითი იყო გამოწვეული პირველ წრეში გუნდის ჩავარდნა?
- როგორც მოგეხსენებათ, წლებია, ჩვენ ვხარჯავთ თანხებს “მერანმა” რომ იარსებოს, პირველ წრეში გუნდს ჰქონდა ფინანსური პრობლემები, არსებული თანხები არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ გუნდს უმაღლეს ლიგაში კარგი შედეგი ჰქონოდა. წავიდა რამდენიმე წამყვანი მოთამაშე, რამაც ბუნებრივია შედეგზე გავლენა იქონია. მეორე წრეში ახალმა პროგრამამ, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ წარადგინა, მოგვცა იმის სტიმული და სურვილი, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო კლუბის პრეზიდენტს, ბატონ ფრიდონ ინჯიას, ისევ რომ აგრძელებს გუნდის მხარდაჭერას. ბატონმა ფრიდონმა სახელმწიფოსგან დაინახა დადებითი ნაბიჯები და იმ ღვაწლის დაფასება, რასაც წლებია აკეთებს ეს ადამიანი საკუთარი სასხრებით. გამომდინარე აქედან, დღეს მზად არის უფრო მეტი დახარჯოს, რაც დასაფასებელია. მეორე წრეში კარგი კონტიგენტი შევკრიბეთ, რომელსაც ჰყავს გამოცდილი მწვრთნელი ბადრი კვარაცხელიას სახით და ეს ყველაფერი იძლევა იმის საფუძველს, რომ უმაღლეს ლიგაში დასარჩენად ვიბრძოლოთ..
- სახელმწიფო პროგრამა ახსენეთ და როგორ შეაფასებდით ახალ პროგრამას?
- რაც შეეხება ახალ პროგრამას, წლებია ქართული ფეხბურთი სრულ ქაოსშია, ინფრასტრუქტურის და სხვა ბევრი კუთხით, დღეს გამოჩნდა პროგრამა, რომელიც აუცილებლად წაადგება ქართულ კლუბებს, მართალია ეს არ არის ის, რაც ფეხზე დააყენებს ჩვენს ჩემპიონატს, ამას წლები დაჭირდება ალბათ, მაგრამ ახალი პროგრამა უკეთესობისკენ შეცვლის მდგომარეობას. საერთოდ, ვისაც ფეხბურთთან, კლუბთან შეხება აქვს, იცის თუ რამდენია საჭირო იმისთვის, რომ გამართული კლუბი გაკეთდეს. ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს, გუნდს უნდა ჰქონდეს საფეხბურთი პირობები, სახელმწიფო როცა ხელს შეუწყობს ინვესტორს ეს გარემო შეუქმნას, მაშინ ის ინვესტორიც დაინტერესდება და მეტს გაიღებს, ამით ქართული ფეხბურთი მოიგებს. თქვენ კარგად იცით, ახლო წარსულში ხდებოდა ისე, რომ ზოგიერთ კლუბს მილიონზე მეტი ლარით ეხმარებოდნენ, კლუბების უმეტესობა კი უყურადღებოდ რჩებოდა, რაც უსამართლობაა და არ შეიძლება. როცა სახელმწიფო დახმარებაზე და გვერდში დგომაზეა საუბარი, აქ ყველა გუნდს თანაბარი უფლებები უნდა ჰქონდეს.
- რა მდგომარეობაა ახლა “მერანში”? როგორ ფიქრობთ შეძლებს გუნდი უმაღლეს ლიგაში დარჩენას?
- რთული ამოცანის წინაშე ვართ, მაგრამ არა ისეთის, რომ ვერ შევძლოთ. ამის საფუძველს მეორე წრე გვაძლევს, ჩვენ შევძელით დაგვემარცხებინა ისეთი მეტოქეები, როგორიც “ტორპედო” და “ჩიხურაა”, ქულა ავიღეთ სტუმრად “ცხინვალთან”. “სამტრედიასთან” ბოლო წუთზე წავაგეთ. თანGგუნდი ყოველ თამაშზე უმატებს. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ შეუძლია ჩვენს გუნდს ამ ბარიერის გადალახვა.
- როგორ შეაფასებთ მთავარი მწვრთნელის მუშაობას?
- ბადრი კვარაცხელია მშრომელი, თავისი საქმის მცოდნე ადამიანია, რომელიც მომთხოვნია და უყვარს დისციპლინა, მას დიდი გამოცდილება აქვს ამ სფეროში. ქართული კლუბების დიდი ნაწილი აქცენტს უცხოელი მწვრთნელების მოწვევაზე აკეთებს. მე მივიჩნიე, რომ უმჯობესია ქართველი მწვრთნელი იყოს გუნდში. გვყავდა უცხოელი სპეციალისტი, რომელსაც ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ფეხბურთელებთან და კარგ ატმოსფეროსაც ქმნიდა, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ვთვლი, რომ ქართველი მწვრთნელი უფრო გამოადგება “მერანს”. ბადრი კვარაცხელია კარგად ართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
- მომდევნო ტურში ლანჩხუთში გაქვთ თამაში.. როგორ ხვდება გუნდი ამ შეხვედრას?
- ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ, “მერანისთვის” თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ასე რომ, “მერანი” ლანჩხუთში სამი ქულისთვის იბრძოლებს. მე, როგორც ყოფილ ფეხბურთელს, იმის თქმა შემიძლია, რომ სადაც მითამაშია და მეტოქე ვინც არ უნდა ყოფილიყო, შინაგანად ყოველთვის გამარჯვების განწყობით გავდიოდი მოედანზე, ამ ჟინს და რწმენას ვხედავ ჩემს ფეხბურთელებშიც და მჯერა, რომ სასურველ შედეგს მივაღწევთ “გურიასთან”. დასასრულს, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მარტვილელ გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის, მათი ქომაგობა ჩვენს გუნდს განსაკუთრებულ სტიმულს აძლევს და დარწმუნებული ვარ, ერთად ძალიან ბევრ გამარჯვებას მივაღწევთ.