სპორტკომპლექს "შატილის" მოედანზე გუშინ გამართული საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარი ინციდენტის გამო ხულიგნობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.
გუშინ თბილისში ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი საფეხბურთო მატჩის მსვლელობისას ცივი იარაღით, ე. წ. სპიცით, დაჭრეს. საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ლიგის აღმოსავლეთ ზონის შეხვედრაში "მარკ სტარსი" და გურჯაანის "ალაზანი" ხვდებოდნენ. ფეხბურთელებსა და გულშემატკივარს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად "ალაზანის" ორი ფეხბურთელი დაშავდა.
თვითმხილველების განცხადებით, ჩხუბი მხოლოდ მაშინ შეწყდა, როდესაც უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან ჰაერში გაისროლა. საქმის გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"