ჰარუ ბაშოს მე-4 დღე ქართველი სუმოისტებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. ჯერ გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა წაიგო, შემდეგ კი ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმაც წაიფორხილა.
აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირას წოდების მქონე გაგამარუმ დასავლეთის მე-8 მაეგაშირა ჩიიოოტაირიუსთან იორიკირით წააგო. ქართველი სეკიტორი, რომელსაც თანაბარი ბალანსი (2 მოგება, 2 მარცხი) აქვს, მომდევნო ორთაბრძოლას დასავლეთის მე-11 მაეგაშირა ამურუსთან გამართავს. აქამდე, ჯუღელი რუს სუმოისტს სამჯერ გადაჰყრია და ის ერთადერთხელ ჰყავს დამარცხებული.
ერთადერთი გამარჯვების წილ მე-3 მარცხი განიცადა ტოჩინოშინმა. დასავლეთის მე-2 მაეგაშირას ტიტულით მოასპარეზე ქართველმა დასავლეთის ოძეკი კისენოსატოსთან იორიკირით წააგო. ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე იოკოძუნა ჰარუმაფუჯია, რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც 6:17 მარცხდება.
ამ დროისთვის, ოსაკაში მიმდინარე საგაზაფხულო ბაშოს 6 დაუმარცხებელი ლიდერი ჰყავს. ესენი ოძეკები კოტოშოგიკუ, კისენოსატო და გოეიდო და რიგითი მაეგაშირები იკიოი, იჩინოჯო და მიოგირიუ არიან.