ფეხბურთი

12:05 | 16.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის 30-ე ტურის სიმბოლური

ინგლისის ჩემპიონატის 30-ე ტურში 5 მატჩი გაიმართა და პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა სიმბოლური ნაკრები მაინც დაასახელა. 5 შეხვედრა ასოციაციის თასის გამო გადაიდო.

საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ყველაზე მეტი წარმომადგნელი ლონდონის "ტოტენჰემს" ჰყავს. "მამლების" დაცვიდან კილი უოლკერი გამოარჩიეს. მოედნის შუახაზის მოთამაშეებიდან აღიარება მუსა დემბელემ და დელი ალიმ მიიღეს. ამ უკანასკნელმა ჰარი კეინს "ასტონ ვილასთან" მოგებულ მატჩში (2:0) დუბლი შეასრულებინა. ინგლისელი კი თავდასხმის ხაზში გრაციანო პელესთან ერთად მოხვდა.

იტალიელმა ფეხბურთელმა "საუთჰემპტონის" სამმატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა. "სტოკთან" მისი გატანილი ორი გოლით "წმინდანებმა" სამი ქულა მოიპოვეს. ერთ შემთხვევაში პელეს დუსან ტადიჩმა გაატანინა და სერბი აქტიური თამაშის წყალობით სიმბოლურში მოხვდა.

"ბორნმუთმა" "სუონსი" შინ 3:2 დაამარცხა და ორი ფეხბურთელითაა წარმოდგენილი. ორივე დაცვის ხაზიდანაა. სტივ კუკმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა, ხოლო ჩარლი დანიელსმა მეტოქე გუნდის შემტევები არ გაახარა. წაგების მიუხედავად, "გედების" მხრიდან გამოარჩიეს გილფი სიგურდსონი. ისლანდიელი აკურატული თამაშით გამოირჩა, კარში ორჯერ დაარტყა და ერთი გოლი გაიტანა.

"ლესტერის" რიგებიდან ორი ფეხბურთელი გამოარჩიეს. "ნიუკასლთან" მოგებულ (1:0) მატჩში ერთადერთი გოლი შინჯი ოკაზაკიმ 25-ე წუთზე ჯეიმი ვარდის გადაცემით გაიტანა, თუმცა იაპონელი სიმბოლურში ვერ მოხვდა. აღიარება მეკარე კასპერ შმეიხელს და მცველ დანი სიმპსონს ხვდათ წილად. დანიელმა ორჯერ სახიფათო დარტყმა მოიგერია. ინგლისელმა ორი ბლოკშოტი ჩაიწერა აქტივში და საერთოდ ამ ორი ფეხბურთელის დამსახურებაცაა, რომ "მელიებმა" სამი ქულა მოიპოვეს.

30-ე ტურის სიმბოლური ნაკრები

მეკარე: კასპერ შმეიხელი ("ლესტერი")

მცველები: დანი სიმპსონი ("ლესტერი"), კილი უოლკერი ("ტოტენჰემი"), სტივ კუკი, ჩარლი დანიელსი (ორივე "ბორნმუთი").

ნახევარმცველები: გილფი სიგურდსონი ("სუონსი"), დელი ალი ("ტოტენჰემი"), მუსა დემბელე ("ტოტენჰემი"), დუსან ტადიჩი ("საუთჰემპტონი").

თავდამსხმელები: გრაციანო პელე ("საუთჰემპტონი"), ჰარი კეინი ("ტოტენჰემი").

0.463006