კალათბურთი

21:55 | 15.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონატს ტრიო ლიდერობს

დღეს ბათუმში საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 25-ე ეროვნული ჩემპიონატის მესამე წრის მეშვიდე ტურიდან გადმოტანილი შეხვედრა ჩატარდა, რომელშიც ერთმანეთს ,,ბათუმი’’ და ,, სოხუმი’’ დაუპირისპირდნენ.

ორი დღის წინ ,,სოხუმმა’’ საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალიდან ,,ბათუმი’’ გამოაგდო. ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ მასპინძლები საკუთარ მოედანზე, ერთი და იმავე მეტოქესთან ზედიზედ ორ შეხვედრას წააგებდნენ. ასეც მოხდა. თასზე დამარცხებისათვის დავით უსტიაშვილის შეგირდებმა რევანში აიღეს 97:71, ქულებით ,,ქუთაისი-2010’’-სა და ,,დინამოს’’ წამოეწივნენ და მათთან ერთად სატურნირო ცხრილის სათავეში მოკალათდნენ.

პროგნოზის საპირისპიროდ, შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო, რომლებმაც პირველი მეოთხედი 6 ქულის სხვაობით 26:20 მოიგეს. ამის შემდეგ, ,,ბათუმი’’ გამოფხიზლდა და არამარტო ანგარიშის გათანაბრება შესძლო, არამედ წინ გასვლაც მოახერხა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, დიდი ანგარიშით იმარჯვა.
გასულ შეხვედრაში ყველაზე კარგი შედეგი ,,ბათუმის’’ მძიმე ფორვარდმა აკაკი დვალიშვილმა აჩვენა, რომელმაც 19 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ასევე ორმაგი დუბლის ავტორი გახდა დვალიშვილის თანაგუნდელი, უკრაინელი ფორვარდი იგორ კრივცოვი, რომლის ანგარიშზეც 14 ქულა და 10 მოხსნაა. სტუმართა შორის ყველაზე კარგად ფორვარდმა ლევან ფაცაციამ ითამაშა, რომელმაც 18 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი მიითვალა.
,,ბათუმი“- ,,სოხუმი“ 97:71 (20:26, 28:14, 29:13, 20:18)

0.125203