ჭიდაობა

21:03 | 15.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

მინისტრის შეხვედრა ევროპის ჩემპიონატიდან წარმატებით დაბრუნებულ მოჭიდავეებთან (+VIDEO)

ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ, მოჭიდავეთა ნაკრების წევრებს, მწვრთნელებსა და ფედერაციის ხელმძღვანელებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილეებთან აკაკი ლოდიასთან და შალვა გოგოლაძესთან ერთად ახალ სპორტის სასახლეში შეხვდა და წარმატება მიულოცა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე დიდ წარმატებას მიაღწიეს. მოჭიდავეებმა ჯამში 9 მედალი – 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 4 ბრინჯაო მოიპოვეს. თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი აიღეს, გუნდურ ჩათვლაში კი პირველი ადგილი დაიკავეს.

ევროპის ჩემპიონები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61) და გენო პეტრიაშვილი (125) გახდნენ, ვერცხლის მედალს დავით ტლაშაძე (70) დაეუფლა, ბრინჯაოს მედლები კი იაკობ მაქარაშვილმა (74), დავით მარსაგიშვილმა (86) და ელიზბარ ოდიკაძემ (97) მოიპოვეს.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი (75) გახდა, ვერცხლის მედალს რობერტ კობლიაშვილი(85) დაეუფლა, ბრინჯაოს კი – შმაგი ბოლქვაძე (66).

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.43737