აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს 10-ათასიან ტურნირზე სათამაშოდ ერთბაშად 4 ქართველი ჩოგბურთელი ესტუმრა, თუმცა, ამ დროისთვის შეჯიბრს ერთადერთიღა შემორჩა.
უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, 3 ქართველი ძირითად ბადეში მოხვედრას კვალიფიკაციიდან ცდილობდა, მაგრამ მიზანს ვერცერთმა უწია.
საწადელთან ყველაზე ახლოს მე-6 ნომრად განთესილი გიორგი ჯავახიშვილი იყო, რომელმაც რუს იგორ ხოროშილოვს 4:6, 6:4, 6:3 სძლია, გადამწყვეტ წრეში კი მე-12 განთესვის მქონე კიდევ ერთ რუს ვლადიმირ კოროლიოვთან 0:6, 2:5 მარცხდებოდა, როდესაც თამაში შეწყვიტა.
ირაკლი მეტრეველი ბრიტანელ ჯო კუპერს 3:6, 6:3, 3:0-ს უგებდა, როდესაც მეტოქემ ასპარეზობა ვეღარ გააგრძელა, შემდეგ კი, მე-15 ნომრად განთესილ ბელარუს პაველ ფილინთან 5:7, 0:6 დამარცხდა. ვაჟა შუბლაძემ პირველივე რაუნდში რუს გენადი უშაკოვთან 6:7 (6:8), 5:7 წააგო.
ძირითად ბადეში პირდაპირაა დაშვებული გიორგი ცივაძე, რომელიც საწყის მატჩს მე-2 ნომრად განთესილ რუს ალექსანდერ იგოშინთან ჩაატარებს.
წყვილთა ტურნირში ცივაძემ და ბელარუსმა იაცუკმა რუსულ-უკრაინულ დუეტთან (ჩერვიაკოვი-ურსუ) 3:6, 6:7 (5:7) წააგეს.