15 მარტს, თბილისში ევროპის 17 წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატის ელიტ რაუნდი იწყება. საქართველოს ამავე ასაკობრივი ნაკრები სადებიუტო შეხვედრას “მიხეილ მესხზე” ბოსნიასთან გამართავს. მატჩის წინ მედიასთან ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ და ფეხბურთელმა ლუკა ასათიანმა ისაუბრეს.
მათი თქმით ჯგუფი ძლიერია, თუმცა ამ ასაკში ფავორიტების დასახელება რთულია. შესაბამისად, მიაჩნიათ, რომ ჩვენს ნაკრებს ფინალურ ეტაპზე გასვლა შეუძლია.
ვასილ მაისურაძე (საქართველოს 17-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “მოახლოვდა ელიტ რაუნდის დაწყების თარიღი. ერთ კვირაზე მეტია შეკრებაზე ვართ. მეტოქეს რაც შეეხება, შეიძლება ითქვას შესწავლილი მყავს. არ იქნება ადვილი მატჩი და ვფიქრობ, მაქსიმალური შემართებით უნდა გავიდეთ ხვალინდელ თამაშში. ფეხბურთელები ოპტიმალურ ფორმაში არიან.
ტრავმების გამო მხოლოდ სილაგაძე დაგვაკლდა, ვისი გამოძახებაც გვინდოდა ყველა ნაკრებშია. რამდენიმე მათგანი კი ახალია.
ყველა თამაშს ვითამაშებთ პირველ ნომრად, რადგან სახლში ვთამაშობთ, თუმცა მერე გააჩნია თამაშის მიმდინარეობას, შეიძლება შეიცვალოს.
ბოსნიის ნაკრები მაღალი დონის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. საშუალო ევროპული დონის გუნდია. როგორც ვთქვი, ადვილი თამაში არ გვექნება და ხელწამოსაკრავი მეტოქე არ გვყავს. ისინი არამარტო ჩვენ, არამედ იტალიასა და რუსეთსაც არ დაუდებენ ტოლს”.
ლუკა ასათიანი (საქართველოს 17-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი): “ჩემი აზრით, გავიარეთ ნაყოფიერი შეკრება. გვქონდა სომხეთის ნაკრებთან ორი ტესტმატჩი და ის შეცდომები, რომლებიც ამ თამაშებში დავუშვით, გამოსწორებულია. რაც შეეხება ჩვენს ჯგუფს, ასეთ ასაკში ფავორიტების დასახელება რთულია და გასვლის შანსი ნამდვილად გვაქვს. ფეხბურთი პოლიტიკა არაა, იტალიასთან და ბოსნიასთანაც იგივე შემართებით ვითამაშებთ, როგორც რუსეთის ნაკრებთან”.
საქართველოს 17-წლამდე ნაკრების მეტოქეები ელიტ რაუნდის ქვეჯგუფში ბოსნია, რუსეთი და იტალია იქნებიან. ფინალურ ეტაპზე კი ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გავა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მატჩებზე დასწრება გულშემატკივრისთვის თავისუფალია.
ტურნირის განრიგი
15 მარტი
საქართველო - ბოსნია ("მიხეილ მესხი". 14:00 სთ.)
რუსეთი - იტალია ("მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანი. 16:00)
17 მარტი
რუსეთი - საქართველო ("მიხეილ მესხი". 14:00)
ბოსნია - იტალია ("მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანი. 16:00)
20 მარტი
ბოსნია - რუსეთი ("მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანი. 14:00)
საქართველო - იტალია ("მიხეილ მესხი". 14:00)