საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ლატვიური ევროპირველობა სამივე სინჯის თითო მედლით დაასრულა. შმაგი ბოლქვაძის (66 კგ) მიერ გუშინ მოპოვებულ ბრინჯაოს დღეს ზურაბ დათუნაშვილმა (75 კგ) ოქრო მიამატა, ხოლო რობერტ ქობლიაშვილმა (85 კგ) – ვერცხლი.
დათუნაშვილმა ევროპირველობა საფრანგეთის ნაკრების წევრ ევრიკ ნიკოგოსიანთან შეხვედრით გახსნა და აშკარა უპირატესობით (8:0) მოსაგებად 2 წუთი და 24 წამი იკმარა. მეორე მეტოქესთან - თურქ ემრაჰ კუშთან გაცილებით მძიმე ბრძოლა გადაიტანა - 3:3-ზე ბოლო ქულის აღებით ისარგებლა.
მეოთხედფნალში ზურაბ დათუნაშვილმა წუთსა და 44 წამში სძლია სომეხ კარაპეტ ჩალიანს (8:0). ნახევარფინალში უმთავრეს ფავორიტს – ევროპის შარშანდელ ჩემპიონს, აზერბაიჯანელ ელვინ მურსალიევს დაეჭიდა და 3:1 სძლია. ფინალში კი სერბ ვიქტორ ნემესთან მეორე პერიოდში 0:2-ს აგებდა და საფინალო სირენამდე ნახევარი წუთით ადრე შესრულებული 2-ქულიანი ილეთით გაინაღდა პოდიუმის უმაღლესი საფეხური.
85 კილოგრამში ლატვიურ ხალიჩაზე ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში რუსი Eვგენი სალეევი გავიდა. მურსალიევის მსგავსად, ვერც მან შეძლო მორიგი ტიტულის მოპოვება და ჩვენთვის გასახარად, ოქროსკენ მიმავალი გზა ნახევარფინალში მასაც საქართველოს ნაკრების წევრმა ჩაუკეტა - რობერტ ქობლიაშვილმა სალეევს მეორე პერიოდში, გაფრთხილების ხარჯზე აუღო ქულა, რომლითაც ანგარიში 1:1 გახდა და სალეევი ფინალს მიღმა დარჩა.
ნახევარფინალამდე ქობლიაშვილმა სერბი პეტერ ბალო 9:0-ით ჩამოიცილა, ხოლო პოლონელ ტადეუს მიხალიკს 3-0 აკმარა.
ფინალში კი უკრაინის ნაკრების წევრთან - მსოფლიოს ჩემპიონ ჟან ბელენიუკთან 2:5 დამარცხდა.
დღესვე ევროკონკურენციაში მინდია წულუკიძე (71 კგ) და ნიკოლოზ კელასოვიც (80 კგ) ჩაებნენ, მაგრამ შეჯიბრებაზე გამოსვლა დილის პროგრამაშივე დაასრულეს.
წულუკიძემ მოლდაველ დანიელ კატარაგასთან წააგო (2:6), კელასოვმა – რუსეთის ნაკრების წევრ რამაზან აბაჩარევთან (0-5).
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
ევროპის ჩემპიონატი
რიგა
12-13 მარტი
59 კგ
1 მინგიან სემენოვი (რუსეთი)
2 რომან ამოიანი (სომხეთი)
3 დმიტრო ციმბალიუკი (უკრაინა)
3 დონიორ ისლამოვი (მოლდოვა)
66 კგ
1 ისლამ-ბეკა ალბიევი (რუსეთი)
2 დავორ შტეფანეკი (სერბეთი)
3 შმაგი ბოლქვაძე (საქართველო)
3 კამრან მამადოვი (აზერბაიჯანი)
71 კგ
1 ვარშამ ბორანიანი (სომხეთი)
2 ალექსანდრ მაქსიმოვიჩი (სერბეთი)
3 ბალინტ კორპასი (უნგრეთი)
3 ჰასან ალიევი (აზერბაიჯანი)
75 კგ
1 ზურაბ დათუნაშვილი (საქართველო)
2 ვიქტორ ნემესი (სერბეთი)
3 კარაპეტ ჩალიანი (სომხეთი)
3 ლასლო სზაბო (უნგრეთი)
80 კგ
1 პასკალ ეიზელი (გერმანია)
2 ედგარ ბაბაიანი (პოლონეთი)
3 დანიელ ალექსანდროვი (ბულგარეთი)
3 ასლან ატემი (თურქეთი)
85 კგ
1 ჟან ბელენიუკი (უკრაინა)
2 რობერტ ქობლიაშვილი (საქართველო)
3 ტადეუშ მიხალიკი (პოლონეთი)
3 დენის კუდლა (გერმანია)
98 კგ
1 ნიკიტა მელნიკოვი (რუსეთი)
2 არტურ ალექსანიანი (სომხეთი)
3 ალექსანდრ ჰრაბოვიკი (ბელარუსი)
3 ჩენკ ილდემი (თურქეთი)
130 კგ
1 რიზა კაიაალპი (თურქეთი)
2 ოლექსანდრ ჩერნეცკი (უკრაინა)
3 იოსებ ჩუგოშვილი (ბელარუსი)
3 იოჰან მაგნუს ეურენი (შვედეთი)