ჭიდაობა

17:39 | 13.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

დათუნაშვილი და ქობლიაშვილი ოქროს მიუახლოვდნენ

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა ზურაბ დათუნაშვილმა (75 კგ) და რობერტ ქობლიაშვილმა (85 კგ) რიგაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრეს და კონტინენტის ჩემპიონის ტიტულს თითო მოგება აშორებთ.

დათუნაშვილმა ფინალის გზაზე ოთხი მეტოქე ჩამოიშორა: საფრანგეთის ნაკრების წევრი ევრიკ ნიკოგოსიანი (8:0), თურქი ემრე შულეიმან კუში (3:3), სომეხი კარაპეტ ჩალიანი (8:0) და აზერბაიჯანელი ელვინ მურსალიევი (3:1). საჩემპიონო ბრძოლაში კი სერბ ვიქტორ ნემეშს დაეჭიდება.

ქობლიაშვილმა ფინალის საგზური და უკრაინელ ჟან ბელენიუკთან შეხვედრის უფლება სერბი პეტარ ბალოს (9:0), პოლონელი ტადეუშ მიხალიკისა (3:0) და რუსი ევგენი სალეევის (1:1) ძლევით მოიპოვა.

დღესვე ლატვიურ ხალიჩაზე მინდია წულუკიძე (71 კგ) და ნიკოლოზ კელასოვიც (80 კგ) გავიდნენ, მაგრამ ევროპირველობას საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშნენ.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 21 საათიდან დაიწყება.

0.112336