ლონდონის “ჩელსის” დამდეგი სეზონიდან იტალიის ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე რომ ჩაიბარებს, თითქმის გადაწყვეტილი ამბავია. შესაბამისად, “იუვენტუსის” ექსდამრიგებელი ახალ გუნდის გარდაქმნას გეგმავს. როგორც ბრიტანული გამოცემა “დეილი ექსპრესი” იტყობინება, “გრაფს” “არისტოკრატების” ახლანდელი შემადგენლობიდან 9 ფეხბურთელის გაშვება აქვს გადაწყვეტილი.
წყაროს ცნობით, კონტეს შავ სიაში ედენ აზარი, ნემანია მატიჩი, ოსკარი, ლოიკ რემი, ჯონ ტერი, რადამელ ფალკაო, დიეგო კოშტა, ალეშანდრე პატო და პედრო როდრიგესი მოხვდნენ.
ამასთან, ცნობილია, რომ ანტონიოს “ჩელსიში” ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალური მცველის ლეონარდო ბონუჩის ხილვა სურს, რომელიც სწორედ შავ სიაში მოხვედრილ ტერის შემცვლელად ესახება. სხვათა შორის, ლონდონელთა კაპიტანს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება.