კალათბურთი

18:30 | 12.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

მგზავრების დაგეგმილი გამარჯვება

დასრულდა მიმდინარე საკალათბურთო ეროვნული ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა, სადაც ერთმანეთს „მგზავრები“ და „აკადემია“ დაუპირისპირდნენ. მიმდინარე ჩემპიონატში აღნიშნულ გუნდებს ერთმანეთისაგან განსხვავებული მიზნები აქვთ. „მგზავრები-არმია“ პლეი ოფში მოხვედრისათვის იბრძვის და მიმდინარე ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე მყოფ გუნდს 1 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება „აკადემიას“, იგი გამოკვეთილი აუტსაიდერია, მე-6 - მე-7 ადგილებზე მყოფ გუნდებს 5 ქულით ჩამორჩება და სუპერლიგაში დარჩენისათვის იბრძვის.

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ფავორიტად რაღა თქმა უნდა „მგზავრები-არმია“ ითვლებოდა. თუ არ ჩავთვლით პირველ მეოთხედს, რომელმაც გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა, მთელი შეხვედრის განმავლობაში „მგზავრები“ ლიდერობდნენ. იყო მომენტი, როცა მათმა უპირატესობამ 25 ქულასაც კი გადააჭარბა. შეხვედრის მიწურულს ბუბა ბერიშვილის შეგირდები ცოტა მოეშვნენ და მეტოქეს ანგარიშში სხვაობის შემცირების უფლება მისცეს. მატჩის საბოლოო ანგარიშია 91:77 „მგზავრების“ სასარგებლოდ.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 22 ქულა „მგზავრების“ უკანახაზელმა კახა ჯინჭარაძემ დააგროვა. ორმაგი დუბლის ავტორები გახდნენ მისი თანაგუნდელები, ცენტრალური თავდამსხმელი რეჯინალდ მერფი და უკანახაზელი კენდალ უილიამსი. განსაკუთრებით აღსანიშნავია უილიამსის თამაში, რომელმაც 14 ქულა, 12 მოხსნა, 8 პასი დააგროვა და სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა. რაც შეეხება მერფის, მის ანგარიშზე 15 ქულა და 16 მოხსნაა. „აკადემიას“ მხრიდან ყველაზე შედეგიანი უკანახაზელი ჩარლზ ედუარდ სთროუბრიჯი იყო, რომლის ანგარიშზეც 18 ქულაა.

რაც შეეხება ტურის ბოლო შეხვედრას, სადაც „ბათუმი“ „სოხუმს“ მასპინძლობს, სამშაბათს, 15 მარტსაა დაგეგმილი. ამ შეხვედრის 15 მარტისთვის გადატანა თასის ნახევარფინალის შეხვედრამ გამოიწვია, რომელიც ხვალ, 13 მარტს, ასევე ბათუმში ჩატარდება.

„მგზავრები“ – „აკადემია“ 91:77

(20:20, 23:18, 25:12, 23:27)

0.266084