საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 25-ე ეროვნული ჩემპიონატის მესამე წრის ბოლო ტური, რომელიც გუშინ ქუთაისსში დაიწყო, დღეს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაგრძელდა. პარკეტზე პირველები „ოლიმპი“ და „რუსთავი“ გავიდნენ, რომლებიც სატურნირო ცხრილში შესაბამისად მე-7 - მე-6 ადგილზე იმყოფებიან. „ოლიმპი“ ქვემოქართლელებს ამ შეხვედრამდე 1 ქულით ჩამორჩებოდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. პირველმა მეოთხედმა სტუმართა უპირატესობით ჩაიარა, რომლებმაც დროის ეს მონაკვეთი 8 ქულის სხვაობით 21:13 მოიგეს. მეორე მეოთხედში „ოლიმპმა“ არამარტო შეძლო ანგარიშის გათანაბრება, არამედ წინ გასვლაც მოახერხა და პირველი ტაიმის შემდეგ 1 ქულის სხვაობით 37:36 დაწინაურდა. მასპინძელთა შორის ქართველი უკანახაზელი ლაშა ფარღალავა და ამერიკელი მძიმე ფორვარდი ლესლი ჯიშუან სმიტი აქტიურობდნენ. სტუმართა შორის კი მძიმე ფორვარდი ნიკოლა გაჩეშა და ცენტრალური თავდამსხმელი კაელ ტურპინი იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე. მესამე მეოთხედმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა. მატჩის ბედი დასკვით მეოთხე მეოთხედში გადაწყდა. თამაშის მიწურულს ფარღალავამ თანაგუნდელებს უაღრესად მნიშვნელოვანი ქულები მოუტანა, რომელმაც გადაწყვიტა მატჩის ბედი მასპინძელთა სასარგებლოდ. 71:65 გაიმარჯვა „ოლიმპმა“, რომელიც დაგროვილი ქულებით „რუსთავს“ გაუთანაბრდა. ამ გუნდებმა აღნიშნული წრე 30-30 ქულით დაასრულეს და მე-6 - მე-7 ადგილებს ინაწილებენ.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 23 ქულა ტურპინმა დააგროვა, რომელმაც დაგროვილ ქულებს 13 მოხსნა შემატა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა. „ოლიმპის“ შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანები ფარღალავა და სმიტი იყვნენ, რომლებმაც შესაბამისად 22 და 21 ქულა მიითვალეს. სმიტს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.
ამჟამად მიმდინარეობს „მგზავრები-არმია“ – „აკადემიას“ შეხვედრა.
„ოლიმპი“ – „რუსთავი“ 71:65
(13:21, 24:15, 16:16, 18:13)