თბილისის "ლოკომოტივის" ჭაბუკთა გუნდი, რომელსაც გიორგი დევდარიანი წვრთნის, 22-27 მარტს ესპანეთში პრესტიჟულ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას - IC 2016 -Mediterranean International Cup.
საუბარია "ლოკომოტივის" 1998/1999 წელს დაბადებულთა გუნდზე, რომელიც ჭაბუკთა ლიგის აღმოსავლეთ ზონაში მეორე ადგილზეა. დევდარიანი ამ გუნდს იანვრიდან წვრთნის, მანამდე კი გიორგი ჩიტაური წვრთნიდა, რომელიც ამჟამად "ლოკომოტივის" სელექციონერი გახლავთ.
აღნიშნულ ტურნირზე უთამაშიათ ლეო მესის, ნეიმარს, სესკ ფაბრეგასს, ჟერარდ პიკეს, კოუტინიუს, ოსკარს, სერხიო ბუსკესტს, დელი ბლინდს, ჟორდი ალბას, ხუან მატას, მარსელოსა და სხვებს.
ტურნირი პატარა საკურორტო ქალაქ კოსტა-ბრავაში გაიმართება და ტრადიციულად, სხვადასხვა ასაკში ჩატარდება. მიკფუტბოლ2016-ის საპატიო წარმომადგენელი იქნება "ბარსელონას" ნახევარმცველი სერხი რობერტო - ის გახსნის და დახურვის ცერემონიალსაც დაესწრება.
უფრო ვრცლად მოგვიანებით დავწერთ, რადგან ჯერ კალენდარი არ გამოქვეყნებულა და საბოლოდ არ გადაწყვეტილა, 18-წლამდელებში რომელი გუნდები ითამაშებენ. ის კი ცნობილია, რომ მათ შორის ბევრი სახელოვანი კლუბის ჭაბუკთა გუნდები იქნება.
საერთოდ, "ლოკომოტივი" ხშირად თამაშობს ასეთ ტურნირებში, რაც უდავოდ კარგია და გამოცდილებას მატებს ჭაბუკებს.