სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

13:36 | 11.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბანეგა “ინტერის” ფეხბურთელია

ესპანური “სევილიას” არგენტინელი ნახევარმცველი ევერ ბანეგა კარიერას მილანის “ინტერში” გააგრძელებს. როგორც გამოცემა “კორიერე დელო სპორტი” იუწყება, ტრანსფერი ოფიციალურია და 27 წლის ფეხბურთელი ლომბარდიულ გრანდში 1 ივლისიდან ითამაშებს. “ინტერნაციონალეს” ბანეგას ტრანსფერში ფული არ დაუხარჯავს, რადგან სამხრეთამერიკელს “სევილიასთან” მიმდინარე ხელშეკრულება სეზონის ბოლოს უმთავრდება და შესაბამისად, “ჯუზეპე მეაცაზე” თავისუფალი აგენტის სტატუსით ითამაშებს.

“ვალენსიასა” და “ბოკა ხუნიორსის” ყოფილმა მოთამაშემ “ინტერს” ბედი სამი წლით დაუკავშირა. ევერი “სევილიაში” 2014 წლის ზაფხულიდან მოყოლებული ასპარეზობს და გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა. მიმდინარე სეზონში მან “დალაქთა” ღირსება 33-ჯერ დაიცვა და მეტოქეთა კარში 9 გოლი გაიტანა. მათ შორის, ერთი, გასული წლის 11 აგვისტოს, “დინამო არენაზე” “ბარსელონას” კარში.

რაც შეეხება “ინტერს”, დამდეგი სეზონისთვის გაძლიერებას რობერტო მანჩინის გუნდი აქედანვე სერიოზულად შეუდგა. ბანეგა მათთვის უკვე მესამე შენაძენია, “სამპდორიას” ნახევარმცველ რობერტო სორიანოსა და “ფენერბახჩეს” მცველ ჩანერ ერკინის შემდეგ.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.113112