რაგბი

10:58 | 11.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო - რუსეთი: The Telegraph-ის უმწვავესი მატჩების ათეულში

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების სარაგბო დაპირისპირებამ შორს გაითქვა სახელი და ცნობილი ბრიტანული გამოცემის, The Telegraph-ის უმწვავესი დაპირისპირების ათეულშიც მოხვდა.

და როგორი თამაშების გვერდით?: ახალი ზელანდია - ავსტრალია; სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია; ინგლისი - უელსი; ინგლისი - შოტლანდია; ინგლისი - საფრანგეთი; საფრანგეთი - ახალი ზელანდია; ირლანდია - უელსი; ინგლისი - ირლანდია; სამოა - უელსი.

შეამჩნევდით, წმინდად ეგრეთწოდებული მეორე დონის სარაგბო ქვეყნების დაპირისპირებიდან ბრიტანელთა რჩეულში მხოლოდ საქართველო-რუსეთის თამაშია - ხუთი [იტალია რჩეულებში ვერ მოხვდა] და სამი [არგენტინა რჩეულებში ვერ მოხვდა] ერის შეხვედრების პარალელურად. ერთადაერთი ნაკრები მეორე დონის ქვეყნებიდან, რომელმაც The Telegraph-ის ყურადღება მიიბყრო, სამოაა და ისიც პირველი დონის უელსთან მატჩით.

მაშ ასე, The Telegraph-ი წერს:

„საერთაშორისო რაგბის ფესვები ინგლისის დედოფალ ვიქტორიას ეპოქიდან იღებს სათავეს და გასაკვირი არაა, რომ თამაშმა პრინციპული დაპირისპირებები მრავლად დაბადა. თავიდან ეს იყო „შინაური“ დაპირისპირებები ეგრეთწოდებული პირველი დონის გუნდებისა, მაგრამ 1987 წელს მსოფლიო თასის დაარსებამ, მათი რაოდენობა მკვეთრად გაზარდა. ამრიგად, გთავაზობთ ჩვენი აზრით 10 გამორჩეულ, უმწვავეს და უსასტიკეს, მადისაღმძვრელ სარაგბო დაპირისპირებას:

საქართველო - რუსეთი

ეს თამაში ამ ქვეყნების მიღმა დიდ რეზონანსს არასდროს იწვევს, მაგრამ ის მუდამ იმართება სარაგბო ბრძოლების საუკეთესო ტრადიციების სრული დაცვით. ადრე ამ ქვეყნის ნაკრების წევრები, რომლებმაც პირველად ერთმანეთის წინააღმდეგ 1993 წელს ითამაშეს, მეგობრები იყვნენ და ერთად თამაშობდნენ საბჭოთა კავშირის ნაკრებში. როგორც წესი, რაც უფრო მჭიდროა კავშირი ორ სარაგბო ოჯახს შორის, მით უფრო მძაფრი და დაძაბული გამოდის მათი შეხვედრები. საქართველოსა და რუსეთის მატჩებზე მაყურებლების დასწრება ხშირად აღემატება 50 ათასს და არც „მუშტიკრივია“ უცხო ამ თამაშებისთვის. რუსულ რაგბიში დიდძალი ფინანსების დაბანდებისა და ქართველთა შეუჩერებელი წარმატებების ფონზე საერთაშორისო რაგბიში, ამ დაპირისპირებას სამომავლოდ უდიდესი პოტენციალი გააჩნია. საქართველო - 17 მოგება; რუსეთი - 1 მოგება; 1 ფრე

სამოა - უელსი

სამოამ სარაგბო მსოფლიოს ხმამაღლა ამცნო თავისი ძალის შესახებ, როდესაც 1991 წელს უელსს კარდიფში გამანადგურებელი მარცხი აგემა. ასეთ შედეგს არავინ ელოდა და ამ შედეგმა პირველი დიდი დარტყმა მიაყენა მსოფლიო რაგბის ტრადიციულ იერარქიას. მას შემდეგ გუნდები 9-ჯერ შეიბნენ და სამოელები დღემდე რჩებიან „კერკეტ კაკლად“ - მათ უელსი 4-ჯერ დაამარცხეს, თავად კი, 5-ჯერ დამარცხდნენ.

ინგლისი - ირლანდია

ამ დაპირისპირების ფესვები სარაგბო მოედანზე ბევრად უფრო შორს იღებს სათავეს. მერე და მერე ქვეყნებს შორის არსებულმა დაპირისპირებამ სარაგბო მატჩებშიც გადაინაცვლა. „ინგლისთან მატჩს ყველა ირლანდიელი მღელვარებით ელოდება. ეს სწორედ ისაა, რამაც ირლანდიელ ერად გვაქცა“ - თქვა რობ ქერნიმ 2012 წელს. ირლანდიელები დღესაც ამაყობენ 2007 წელს ინგლისთან 43:13 მოპოვებული გამარჯვებით. ამ გუნდების ურთიერთშეხვედრები 100-ს უკვე დიდი ხანია გადაცდა და 47 შემთხვევაში ირლანდიელთა გამარჯვებით დასრულდა, 75 თამაში ინგლისმა მოიგო და 8 შემთხვევაში ფრე დაფიქსირდა.

ირლანდია - უელსი

„კელტების გარჩევა“ სათავეს 1914 წლიდან იღებს. მაშინ, ბელფასტში, „მრისხანე რვად“ წოდებული უელსელი ფორვარდები, ირლანდიელებს წაეკიდნენ და ეს თამაში დღემდე ცონიბილია, როგორც ყველაზე უხეში მატჩი რაგბის ისტორიაში. მას შემდეგ ამ გუნდების შეხვედრების დროს ხშირია მოედანზე არასარაგბო გარჩევები. საკმარისია გავიხსენოთ 2005 წელი, როდესაც გევინ ჰენსონი და ბრაიან ოდრისკოლი ერთმანეთს „ცოფიანი ძაღლებივით“ ეკვეთნენ. „ვფიქრობ, ექვსი ერის გუნდებს შორის, უელსელ მორაგბეებს ყველაზე მეტად ირლანდიელები არ უყვართ“ - განაცხადა 2009 წელს უელსელთა თავკაცმა უორენ გეტლანდმა. აქამდე გამართული შეხვედრებიდან 67 უელსელების გამარჯვებით დასრულდა, ირლანდიამ 50 გამარჯვება მოიპოვა, ხოლო 6 თამაში ფრედ დასრულდა.

ინგლისი - შოტლანდია

პირველი საერთაშორისო თამაში შორეულ 1871 წელს ინგლისისა და შოტლანდიის ნაკრებებს შორის გაიმართა და სწორედ ის ითვლება უძველეს სანაკრებო მატჩად. მაშინ მოედანზე გუნდებს ჯერ კიდევ 20-20 მოთამაშე გაყავდათ. სქოთთა სამწუხაროდ, ბოლო დროს შოტლანდიელები ინგლისელებს სათანადო წინააღმდეგობას ვერ უწევენ. თუ გინდათ გაიგოთ რას ნიშნავს ამ გუნდების დაპირისპირება, 1990 წლის თამაში უნდა ნახოთ. აქამდე ჩატარებულ მატჩებში 73 ინგლისელთა გამარჯვებით დასრულდა, შოტლანდიამ 42 მოიგო და 18-ჯერ ფრე დაფიქსირდა.

საფრანგეთი - ახალი ზელანდია

ბევრისთვის მოულოდნელობა იყო ფრანგთა გამარჯვება „ოლ ბლექსთან“ 1999 წლის მსოფლიო თასზე, როდესაც ევროპელებმა ჯონა ლომუსა და მისი ზელანდიის საჩემპიონო სვლა შეაჩერეს. მას შემდეგ ფრანგებმა „ოლ ბლექსი“ არაერთხელ გაამწარეს მსოფლიო თასებსა თუ მის მიღმა. საკმარისია გავიხსენოთ 2011 წლის მსოფლიო თასის ფინალი, როდესაც რეფერიმ მასპინძელთა სასარგებლოდ საეჭვო ჯარიმა დანიშნა და მხოლოდ მის წყალობით დაამარცხა ზელანდიამ საფრანგეთი - 8:7. ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ქვეყნებიდან, სწორედ საფრანგეთს აქვს ზელანდიელებთან ურთიერთშეხვედრებში საუკეთესო მაჩვენებელი - 12 მოგება 42 მარცხისა და 1 ფრის წილ.

ინგლისი - საფრანგეთი

ინგლისისთვის საფრანგეთი ექვს ერზე ყველაზე პრინციპული მეტოქეა უელსის შემდეგ. ამ დაპირისპირებაზე ფილმიც კია გადაღებული. დაპირისპირება განსაკუთრებით გასული საუკუნის 90-იანი წლების შუიდან გამძაფრდა, როდესაც ინგლისელებმა ზედიზედ რვა თამაში მოიგეს. დღეისათვის ინგლისელთა ანგარიშზე 55 მოგებაა, ფრანგებმა 39 თამაში მოიგეს და 7-ჯერ ფრე დაფიქსირდა.

ავსტრალია - ახალი ზელანდია

კლასიკური სარაგბო დაპირისპირება, რომელიც პოლიტიკურ, ეკონომიკურ და გეოგრაფიულ ფონზე წარმოიშვა. ესაა საშუალება ზელანდიელებისთვის, წელიწადში ერთხელ მაინც „ცხვირი გაუტეხონ“ უფროს ძმას. „ისინი მუდამ უფროსი ძმის პოზიციიდან გვიყურებდნენ, არადა, ჩვენ მუდამ მათ მხარდამხარ ვიბრძოდით. და ჩვენ გვსურს, მათ თავისი ადგილი მივუჩინოთ“ - აღნიშნა 2011 წელს „ოლ ბლექსის“ თავკაცმა სტივ ჰანსენმა. ამ ყველაფრის ფონზე ცეცხლზე ნავთის დასხმასავით იყო, როდესაც ერთ-ერთმა ავსტრალიურმა გამოცემამ საკუთარ მკითხველებს უფასოდ შესთავაზა სონი ბილი უილიამსის ვუდუს თოჯინა. ისტორიულ დაპირისპირებაში ახალი ზელანდია დიდი უპირატესობით ლიდერობს - მათ ავსტრალია 105-ჯერ დაამარცხეს, 42-ჯერ დამარცხდნენ, ხოლო 7 შემთხვევაში ფრე დაფიქსირდა.

ინგლისი - უელსი

უელსს შოტლანდიაზე, საფრანგეთზე და ირლანდიაზე მეტად სურს ინგლისის დამარცხება. ორი უმთავრესი ფაქტორია, რის გამოც „დრაკონებს“ განსაკუთრებით სურთ ინგლისელთა დამარცხება: პირველი - რაგბი უელსში ეროვნული სპორტის სახეობაა, სადაც ინგლისისგან განსხვავებით არასდროს მომხდარა კლასობრივი დაყოფა და ქვედა ფენის მცხოვრებლებისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნა; მეორე - ამ დაპირიპირების შესახებ ერთხელ უელსელთა კაპიტანმა ფილ ბენეტიმ თქვა: „ინგლისი მუდამ გვიყენებდა, ძალადობდა, გვაკონტროლებდა და გვსჯიდა. აი ვის უნდა ვეთამაშოთ“ - ეს სიტყვები ნათლად გადმოსცემს უელსელთა განწყობას. და ამ დაპირისპირების პრინციპულობას ურთიერთშეხვედრებიც ასახავს: ინგლისელთა 58 გამარჯვების წილ, უელსმა 56 შეხვედრა მოიგო და 12 მატჩი ფრედ დასრულდა.

სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია

„როდესაც სამხრეთ აფრიკა ახალ ზელანდიას ეთამაშება, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ჩვენი ქვეყნები ომის პირობებში იმყოფებიან“ - თქვა ჯერ კიდევ 1949 წელს „სპრინბოკის“ ლეგენდარულმა მორაგბე ბოი ლოუმ. და ეს მართლაც ასეა, მას შემდეგ, რაც გუნდებმა პირველად ითამაშეს ერთმანეთის წინააღმდეგ - 1921 წელს. და ამ თამაშების დროს საქმეში ჩართულნი არიან ყველანი - მსაჯებიც და გულშემატკივრებიც: „როდესაც ჩვენთან მოდიხართ, მზად იყავით, რომ მოგატყუებთ და დაგამარცხებთ. თქვენც ზუსტად ასე მოგვექცევით“ - აღნიშნა თავის დროს სამხრეთ აფრიკის ნაკრების მოთამაშე ჯონ გენფორმა. დუღილის ტემპერატურამ მაქსიმუმს 1981 წელს მიაღწია, როდესაც „სპრინბოკის“ ახალზელანდიურმა ტურნემ აპარტეიდის წინააღმდეგ მძლავრი საპროტესტო აქციების ფონზე ჩაიარა. შედეგად, სამხრეთ აფრიკის ხელმძღვანელობამ „მაორებს“ სამხრეთ აფრიკულ მიწაზე ფეხის დადგმაც კი აუკრძალა. დღეისათვის პოლიტიკურმა დაძაბულობამ მეორე პლანზე გადაინაცვლა, მაგრამ „ოლ ბლექსისა“ და „ბოკეს“ დაპირისპირება ჩვეულ ხარისხში დარჩა. დღეისათვის ახალზელებდიელებს 52 გამარჯვება აქვთ, აფრიკელებს 35, ხოლო 3 თამაში ფრედ დასრულდა“.

www.worldrugby.ge

0.111245