ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მეტოქე ალბანეთს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ალბანელებს კვიპროსელი სპეციალისტი ანტონის კონსტანტინიდისი გაწვრთნის.
41 წლის კვიპროსელი მწვრთნელი ამჟამად კოსოვოს გუნდ „პრიშტინა სიგალს“ ავარჯიშებს. ყოფილ კალათბურთელ კოსტანტინიდისს სამწვრთნელო კარიერის უმეტესობა კვიპროსში აქვს გატარებული. პირველი უცხოური კლუბი, რომელსაც ის წვრთნიდა, რუმინული „ენერგია როვინარი“ გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ანტონისმა გასულ სეზონში ეს კლუბი ფიბა ევროჩელენჯის ოთხთა ფინალში გაიყვანა.
ალბანეთთან ერთად, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები მონტენეგრო და სლოვაკეთი იქნებიან. საქართველო საკვალიფიკაციოს ეტაპს სწორედ ალბანეთთან მატჩით, 31 აგვისტოს გახსნის. საპასუხო მატჩი ტირანაში 10 სექტემბერს გაიმართება.
www.gbf.ge