მოსკოვში დასრულებული “აეროფლოტის ღია პირველობის” გამარჯვებული რუსი დიდოსტატი ევგენი ნაიერი (2664) გახდა, რომელმაც 9 ტურში 6.5 ქულა მოაგროვა და პირველობა არავის დაუთმო.
ნაიერის დარი მონაგარი ისრაელის წარმომადგენელ ბორის გელფანდს (2735) ჰქონდა, რომელსაც მე-2 ადგილი ერგო, მე-3 პოზიციაზე კი 6.0 ქულით და დამატებითი მაჩვენებლებით, პოლონელი მატეუშ ბარტელი (2625) გავიდა.
სოლიდური საპრიზო ფონდიდან ჩემპიონს 18 ათასი ევრო ერგო, მეორე-მესამეადგილოსნები კი, შესაბამისად, 10 და 7 ათასით დაჯილდოვდნენ.
“აეროფლოტ ოუფენის” ერთადერთმა ქართველმა მონაწილე ბაადურ ჯობავამ (2676) 5.0 ქულა მოაგროვა და 86 მოჭადრაკეს შორის 24-ე საფეხური დაიკავა.
დასკვნით ტურში ჯობავამ შავი ფიგურებით გერმანელ ფალკო ბინდრიხს (2557) სძლია და სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა.