„დალას მავერიკსმა“ დღეს, გამთენიისას „დეტროიტ პისტონს“ უმასპინძლა და 96:102 დამარცხდა. ამ მატჩამდე გამართულ 2 შეხვედრაში ზაზა ფაჩულიამ ჯამში 25 წუთი ითამაშა, „დეტროიტთან“ კი მოედანზე მთელი 35 წუთით გამოჩნდა და სეზონის 25-ე ორმაგი დუბლი მიითვალა.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულის დანარჩენ წევრებთან ერთად დიდად დაიტვირთა. ხუთეულიდან ყველაზე ნაკლები - 34 წუთი ვესლი მეთიუზმა ითამაშა, ხოლო ყველაზე მეტი - 37-37 წუთი ჩენდლერ პერსონსმა და დერონ უილიამსმა. ფაჩულიამ 6-დან 3 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 10 ქულასთან ერთად ზაზამ 13 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. საუკეთესო შედეგი დირკ ნოვიცკიმ დააფიქსირა, რომელმაც 35 წუთში 25 ქულა, 10 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.
დალასელებმა მატჩი ბოლო მეოთხედში წააგეს, როცა დეტროიტელთა 12:2 გაქცევა გაეპარათ და სტუმრებმა მოპოვებული უპირატესობა აღარ გაუშვეს. გადამწყვეტი გამოდგა მარკუს მორისის 2 სამქულიანი, რომელიც დეტროიტელმა ფორვარდმა ბოლო პერიოდში ჩააგდო.
დასავლეთ კონფერენციაში დალასელებს ჰიუსტონელები წამოეწივნენ. ორივე გუნდს 33 მოგება და 32 მარცხი აქვს და 7-8 ადგილებს ინაწილებენ. 12 მარტს ფაჩულიას გუნდი „ინდიანას“ უმასპინძებს.
www.gbf.ge