ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ლონდონის “ჩელსისთან” დღეს გასამართი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სკანდალური განცხადება გააკეთა. იბრას თქმით, პსჟ-ს ისტორია არ გააჩნია და იგი სათავეს იმ დღიდან იღებს, როცა გუნდში ყატარული ინვესტიცია ჩაიდო.
“პსჟ მაშინ დაიბადა, როცა გუნდში ყატარული ინვესტიცია ჩაიდო. პროექტი კრგად ხორციელდება და დიდი წარმატების მისაღწევად კიდევ ცოტა დროა საჭირო. იგივე გზა გაიარა “ჩელსიმაც”, ოღონდ ათი წლით ადრე. ლონდონელებს ჩემპიონთა ლიგა ერთ დღეში არ მოუგიათ, მაგრამ ხანგრძლივი პროცესის შემდეგ ამის გაკეთება შეძლეს. იგივე ხდება “პარი სენ ჟერმენშიც”, - თქვა ზლატანმა.
პსჟ-ს ლიდერი თავისთავად დღევანდელ მატჩსაც შეეხო:
“ყოველი თამაში ახალი ისტორიაა. ჩვენ მომდევნო ეტაპზე გასვლა გვინდა, მაგრამ ვიცით, რომ ამის გაკეთება ადვილი არ იქნება. ჩემი მომავალი? – ამაზე არ ვფიქრობ. ჩემი მიზანია სეზონი პსჟ-ში კარგად დავასრულო და მერე ჩემს ეროვნულ ნაკრებთან ერთად დიდებული ევროპის ჩემპიონატი ჩავატარო”, - დასძინა იბრამ.
იბრაჰიმოვიჩის აღნიშნულ განცხადებას ფრანგულ მედიაში გამოხმაურებაც მოჰყვა. როგორც ამბობენ, შვედ ვარსკვლავზე პარიზელი ქომაგები ძალიან გაბრაზებულნი არიან... დღევანდელი შეხვედრა კი, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, პირველი თამაში პარიზში ფრანგებმა 2:1 მოიგეს.