ფეხბურთი

19:52 | 8.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯანი ინფანტინო: “გულშემატკივრებთან ურთიერთობაში თვალს დიდხანს ვხუჭავდით”

ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ მსოფლიოს ჩემპიონატის განახლებული ფორმატის, ფეხბურთში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და გულშემატკივრებთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. იტალიური წარმოშობის შვეიცარიელმა ფიფას ოფიციალურ საიტს ვრცელი ინტერვიუ მისცა.

- ყველამ ვნახეთ, რამდენად ემოციურად შეხვდით ფიფას საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებას. რას გრძნობდით იმ მომენტში?

- მგონი, ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ, რაც ჩემს თავს მოხდა. იმ წამს თავში უამრავმა აზრმა გამიელვა. ბედნიერება, სიამაყე და პასუხისმგებლობა ერთბაშად ვიგრძენი. რთული ამოცანების შესრულება მომიწევს, მაგრამ ენთუზიაზმი და ენერგია არ მაკლია.

- ყველამ იცის, რომ საფეხბურთო სფეროში დიდი ხანია მუშაობთ, მაგრამ როგორია ჯანი ინფანტინო, როგორც გულშემატკივარი? რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენს ბავშვობაში ფეხბურთი?

- ფეხბურთით ჯერ კიდევ მაშინ მოვიწამლე, როცა მთლად პატარა ვიყავი. ამაში დიდი როლი მამაჩემმა შეასრულა. ჩემი საყვარელი კლუბის ერთგული ქომაგი ვიყავი. მშობლებს ამაყად ვეუბნებოდი: “თამაშზე მივდივარ!” ჯინსის შარვალზე საყვარელ ქურთუკს მოვიცვამდი და სტადიონისკენ მივრბოდი. ახლა, როცა მატჩებზე მივდივარ, პიჯაკისა და ჰალსტუხის მორგება მიწევს. ვფიქრობ, ესეც შესაცვლელია. საფეხბურთო ორგანიზაციების ლიდერები გულშემატკივრებივით უნდა იცვამდნენ და არა პოლიტიკოსებივით.

- თავად რომელ პოზიციაზე თამაშობდით ხოლმე?

- ძირითადად სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი (იცინის). ისე კი, თავდასხმაში თამაში მომწონდა, მიუხედავად იმისა, რომ გოლი იშვიათად გამქონდა. სიმართლე გითხრათ, ადგილობრივ გუნდში მხოლოდ იმიტომ ამიყვანეს, რომ დედაჩემი მათ საფეხბურთო მაისურებს რეცხავდა. ამის გამო მხოლოდ რამდენიმე წუთს მითმობდნენ. ისიც მაშინ, როცა ვიგებდით. მიუხედავად ამისა, ამ წუთებს ჩემთვის დიდი ბედნიერება მოჰქონდა. ფეხბურთის თამაში ახლაც ძალიან მიყვარს.

- მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ თქვენი პირველი მოგონება როგორია?

- 1978 წელს, 8 წლის ვიყავი, როცა დიდ ფეხბურთს მამაჩემთან ერთად ტელევიზორში ვუყურე. ჰოლანდიის ნაკრებთან ფინალურ მატჩში არგენტინელები – დანიელ ბერტონი და მარიო კემპესი მახსოვს. იტალიელთა რიგებში პაოლო როსი და ანტონიო კაბრინი გამორჩეულები იყვნენ. ცხადია, მახსოვს მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატიც, სადაც იტალიის ნაკრებმა გაიმარჯვა. 12 წლის ბიჭისთვის ეს ბრწყინვალე ემოცია იყო. ფეხბურთის მიმართ ახლაც ძალზე ემოციური ვარ.

- მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ კონკრეტული იდეები თუ გაქვთ?

- საიდუმლო არავისთვისაა ის, რომ მონაწილე ნაკრებთა რაოდენობის 40-მდე გაზრდას ვაპირებ. 40 ნაკრები ფიფას წევრი ქვეყნების მხოლოდ 19%-ს შეადგენს. ვფიქრობ, ეს დიდი რიცხვი ნამდვილად არაა. მუნდიალზე თამაშის შანსს დამატებით 8 ქვეყანას მივცემთ. ცხადია, განსახილველია ის, თუ როგორ აეწყობა საფეხბურთო კალენდარი. ჩემი აზრით, პრობლემა არ უნდა იყოს, მაგრამ ამ საკითხზე დიდი ყურადღებითა და სიფრთხილით უნდა ვიმუშავოთ.

- ფიფას ეგიდით ჩატარებულ სხვა ტურნირებზე რას იტყვით?

- ახალგაზრდული ტურნირები ბიჭებისთვისა და გოგონებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ასაკობრივ კატეგორიებზე ფიქრია საჭირო. უნდა დავრწმუნდეთ, რამდენად სწორად ვყოფთ ახალგაზრდებს. შესაძლოა, ტურნირის ფინალური ეტაპები ამ შემთხვევაშიც გავაფართოვოთ და მეტი ნაკრები ვათამაშოთ. სადღეისოდ, ახალგაზრდულ მუნდიალზე თამაშის შესახებ ბევრი ქვეყანა ვერც კი ოცნებობს. ფიფა ასეთ ქვეყნებს უნდა დაეხმაროს.

- თქვენი პრეზიდენტობის პირველ წელს რას უნდა ველოდოთ?

- წლეულს, მსოფლიოს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს დავიწყებთ, რაც ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დიდი ზეიმი იქნება. ნაკრებები რუსეთის საგზურისთვის მაქსიმალურად იბრძოლებენ. მოგვიანებით, 17-წლამდე გოგონებს შორის იორდანიაში ტურნირი ჩატარდება. 20-წლამდელი გოგონები პაპუა ახალი გვინეის ტურნირზე ითამაშებენ. ამ ქვეყნებში ქალთა ფეხბურთის განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია. ცხადია, ხსენებულ ტურნირებს დიდი სიამოვნებით დავესწრები.

- ფიფას საქმე მხოლოდ ტურნირების ორგანიზება არაა. ორგანიზაციამ ზოგადად ფეხბურთის განვითარებაზე უნდა იმუშავოს. ამასთან დავაკშირებით იდეები თუ გაქვთ?

- სხვადასხვა კონტინენტის ბევრ ქვეყანას ვესტუმრე და ჩემი თვალით ვნახე, რა აკლია ხალხს. ვფიქრობ, ბევრს დავეხმარებით და ეს ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა. ქვეყნებს ინდივიდუალური პროგრამების განვითარებისთვის თანხა უნდა გამოვუყოთ. ფიფასგან დახმარებას ორგანიზაციის ყველა წევრი მიიღებს.

- რამდენად ღირს რჩევების მიღება ყოფილი და მოქმედი ფეხბურთელებისგან?

- მათ აუცილებლად უნდა მოვუსმინოთ. მათი გამოყენება განსაკუთრებით საზოგადოებრივ საქმიანობაში შეიძლება. ყოფილ ფეხბურთელებს ფიფას ეგიდით ჩატარებულ ღონისძიებებში მონაწილეობა უყვართ. ჩემთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული ლეგენდების ნაკრების შექმნაა, რომელიც ფიფას მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოადგენს.

- რას ფიქრობთ ვიდეორეფერისთან დაკავშირებით?

ამ საკითხს სერიოზულად უნდა მოვეპყრათ. 2016 წელია და თანამედროვე ტექნოლოგიებზე თვალს ვეღარ დავხუჭავთ. ვიდეოგამეორების საშუალებით გოლების დაფიქსირება უკვე შესაძლებელია. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი დიდი შეფერხების გარეშე მოხდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ვიდეორეფერი რამდენიმე ტურნირზე უნდა დაიტესტოს და ამის შემდეგ გადაწყვეტილებას უფრო იოლად მივიღებთ.

- მართლა გჯერათ, რომ ტექნოლოგიების გამოყენება თამაშის მიმდინარეობას არ შეაფერხებს?

- რა თქმა უნდა. თანამედროვე ტექნოლოგია კიდევ უფრო იხვეწება და უმჯობესდება. შეგვიძლია, მსაჯებს დიდი დახმარება გავუწიოთ და ამაზე უარი რატომ უნდა ვთქვათ? მით უფრო, რომ ამით ფეხბურთი უფრო გამჭვირვალე და სამართლიანი გახდება.

- ბევრი კრიტიკოსი ფიქრობს, რომ ფიფასა და რიგით გულშემატკივრებს შორის უფსკრული დღითიდღე ღრმავდება. ასეთ ხალხს რას ეტყოდით?

- ვთხოვ, რომ მეტად გვენდობოდნენ. ჩემი სჯეროდეთ, რადგან მეც ერთ-ერთი გულშემატკივარი ვარ. ზუსტად ისეთი ვარ, როგორიც ისინი. ფეხბურთი მიყვარს და ვიცი რაცაა, როცა ყოველ კვირას საყვარელი კლუბის მატჩზე მიდიხარ. მესმის, რა არის ფეხბურთის სიყვარული და გუნდის გვერდში დგომა. ფეხბურთი ქომაგების გარეშე არაფრად ღირს. ფეხბურთელები და გულშემატკივრები მნიშვნელოვანი ხალხია. გულშემატკივრებთან ურთიერთობაში თვალს დიდხანს ვხუჭავდით. ახლა ცვლილებების დროა. ქომაგები ყველა იმ ღონისძიებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ, რასაც ჩვენ დავგეგმავთ.

0.126492