ფეხბურთი

10:51 | 8.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს მსგავსად, ყაზახეთის ეროვნული ნაკრებიც უმწვრთნელოდაა

29 მარტს რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს, ეს გეცოდინებათ. ჯერჯერობით, საქართველოს ეროვნულ გუნდს მწვრთნელი არ ჰყავს და ასეთ სიტუაციაშია ყაზახეთიც. სავარაუდოდ, ყაზახეთს დროებით გაწვრთნიან ადგილობრივი სპეციალისტები: ნურკენ მაზბაევი და ტალგატ ბაისუფინოვი. ეს იმ შემთხვევაში, თუ მანამდე უცხოელს არ დანიშნავენ.

როგორც გაირკვა, ყაზახები რამდენიმე სპეციალისტთან აწარმოებენ მოლაპარაკებას და მათგან ყველაზე რეალური კანდიდატი სლოვაკი ვლადიმირ ვაისია, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში ალმათის "ქაირათს" წვრთნიდა. ასევე საუბრობენ ცნობილი იტალიელის, ჯენარო გატუზოს შესაძლო დანიშვნაზეც.

ყაზახებს ბოლოს რუსი იური კრასნოჟანი თავკაცობდა, რომელიც ორი თვის წინ გაუშვეს. აქვე ვთქვათ, რომ ყაზახეთის ნაკრები თბილისში ჩამოსვლამდე ანტალიაში ჩაატარებს ამხანაგურ მატჩს: აზერბაიჯანთან.

და ჩვენთვის ყველაზე საინტერესოს ასევე უახლოეს პერიოდში ველით: ლევან კობიაშვილმა არაერთხელ დაადასტურა, რომ ეროვნულ ნაკრების მწვრთნელი უახლოეს პერიოდში დაინიშნება და უცხოელი იქნება.

0.121372