გასულ უქმეებზე თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის ევროპის თასის გათამაშება ჩატარდა. ეს ტურნირი ყოველწლიურია და საქართველოს ნაკრებიც მუდმივად მონაწილეობს მასში, მაგრამ ასეთი წარმატება ჯერ არ გვქონია.
ჩვენმა ძიუდოისტებმა სრული ტრიუმფით ჩაატარეს მთელი პირველობა და მედლების აქამდე უპრეცენდენტო რაოდენობა მოიპოვეს.
6 ოქროს, 6 ვერცხლის და 12 ბრინჯაოს მედალი. ასეთია ქართველთა მონაგარი. ამ მაჩვენებლით საერთო გუნდურ ჩათვლაში ხომ პირველი ადგილი დავიკავეთ, და ესეც არ ვიკმარეთ-ვაჟებმაც და გოგონებმაც თავ-თავიანთ ინდივიდუალურ ჩათვლაშიც იპირველეს.
ვაჟებმა 3 ოქროს, 5 ვერცხლის და 10 ბრინჯაოს მედლით უკან ჩამოიტოვეს აზერბაიჯანი და მასპინძელი თურქეთი.
გოგონებმა ხომ საერთოდ ფურორი მოახდინეს-3 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით პირველობა არავის დაუთმეს და აალაპარაკეს სრულიად ძიუდოს სამყარო.
წელს ანტალიამ 15 ქვეყნის 320 ძიუდოისტს უმასპინძლა. საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით გაემგზავრა ამ ტურნირზე.
ვაჟების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ცირეკიძემ 13-14 თებარვალს გამართული ჭაბუკების შიდა ჩემპიონატის 31 პრიზიორი იახლა თან რვავე წონითი კატეგორიიდან.
ერთადერთი ვინც დაასვენეს და პირდაპირ ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანენ ეს მძიმე წონოსან ჭაბუკებში საქართველოს ჩემპიონი გელა ზაალიშვილია. ხოლო გოგონათა ნაკრების მწვრთნელმა კახა მოცრაძემ და მისმა ასისტენტმა ლუდა ფერაძემ 14 საუკეთსო გოგონას გამოცდა გადაწყვიტეს.
ტურნირი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, რასაც ვერ ვიტყვით ინტერნეტ ტრანსლაციაზე, თუმცა ამის მიუხედავად უმეტესი შეხვედრების ხილვა მაინც მოხერხდა და ჩვენმა გულშემატკივარმაც გვარიანად ისიამოვნა ქართველების გამარჯვებით.
პირველმა საშეჯიბრო დღემ დიდი ნერვიულობა მოგვიტანა. ქართველთა შედარებით წარუმატებელი ასპარეზობის ფონზე იძულებული ვიყავით გვეყურებინა თუ როგორ ყოჩაღობდნენ ჩვენი მთავარი კონკურენტები აზერბაიჯანიდან.
ვაჟებში 50 და 60 კგ წონით კატეგორიაში საერთოდ აზერბაიჯანური ფინალები შედგა. 55 კგ-ში ფინალში გასულ გიორგი თუთაშვილს ასევე აზერბაიჯანელი იუსიფოვი ელოდა ვისთანაც საბოლოოდ დამარცხდა კიდეც.
უკეთესად გამოვედით 66 კგ-ში, სადაც ლევან გუგავამ და შალვა გაზაშვილმა ნახევარფინალს უწიეს, მაგრამ იქ გადაულახავ ბარიერად გვექცა მასპინძელი ილდირიმი. მან ჯერ გაზაშვილი დაგვიმარცხა და შემდეგ გუგავასაც არ დაანება ოქროს მედალი.
პირველ საღამოს ბრინჯაოს მედლების რაოდენობითაც ვერ დავიკვეხნიდით- ძირითადად ჭაბუკებში საქართველოს ჩემპიონებმა იყოჩაღეს : 50 კგ-ში ლაშა ნადირაძემ, 60-ში ლაშა ბექაურმა, ხოლო 66-ში ალეკო მამიაშვილმა. კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი ზემოთ ხსენებულმა შალვა გაზაშვილმა მოიპოვა.
სამწუხაროდ საერთოდ მედლის გარეშე დარჩა ქვეყნის კიდევ ერთი ჩემპიონი ამირან დარბაისელი ( 55 კგ ).
ამ ფონზე ხასიათი ოდნავ გამოგვიკეთა ჩვენი გოგონების გამოსვლამ. ძალიან დამაჯერებელი იყო 52 კგ-ში მოასპარეზე ნინო მგელაძე. საქართველოს ჩემპიონი როგორც ჭაბუკებში, ისევე ახალგაზრდებში, გადამწყვეტ შეხვედრამდე იოლად უსწორდებოდა მეტოქეებს.
ფინალშიც მხოლოდ გამარჯვებას ველოდით მისგან, მით უმეტეს რომ ისრაელის წარმომადგენელ პრიმოს მგელაძე შარშანაც შეხვდა ევროპის ჩემპიონატზე და ძალზედ ადვილად 1:25 წუთში სუფთად მოუგო.
თუმცა ისტორია არ განმეორდა, პრიმომ ერთ მომენტში ვაზარი მოიპოვა და შეხვედრის ბოლომდე შეინარჩუნა უპირატესობა.
ასევე აღსანიშნავია კიდევ ერთი გოგონა, ჭაბუკთა შორის ოლიმპიური პრიზიორი ნატალია ყიფშიძე ( 48 კგ ), ვინც ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ყიფშიძემ, განსაკუთრებით კარგად იჭიდავა. თვალში მოსახვედრი იყო მისი ახალი ილეთები, ამ ილეთების მრავალფეროვნება და ეფექტურობა. თან მას ქვეყნის პირველობაზე ნატკენი ფეხი აწუხებდა და ასე ცალი ფეხით, თითქმის ოქროს მედალსაც კი შეწვდა.
კიდევ ორი გოგონა ხატია მინდიაშვილი ( 48 კგ ) და ანა ხუნჯუა ( 52 კგ ) პირველივე შეხვედრაში დამარცხდნენ.
მინდიაშვილი 2000 წელსაა დაბადებული და ძალიან გამოუცდელია, ხოლო ხუნჯუამ მოგებული შეხვედრა ბოლო 10 წამში დათმო--მტკივნეულზე მოყვა. რომ არა ეს უყურადღებობა, მას მგელაძეზე ფინალში გასვლაც კი შეეძლო.
არა ვიცით, რას დავაბრალოთ, ნაკრებმა ანტალიამდე გრძელი გზა ავტობუსით რომ იმგზავრა, დაღლილები იყვნენ თუ მეტოქეები აღმოჩნდნენ ძლიერები, მაგრამ ფაქტია, პირველი საშეჯიბრო დღის შემდეგ ის შედეგი ვერ მივიღეთ რასაც ველოდით.
აი, მეორე დღემ კი ძალზედ გაგვახარა და ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა.
მარტო ის რად ღირს, რომ რვა წონიდან შვიდში ფინალისტი გვყავდა, ვაჟებში ორი წონის ( 73 და 90 კგ ) გადამწყვეტი შეხვედრა კი საერთოდ სრულიად ქართული გამოდგა.
73 კგ-ის შეჯიბრი ქართველებმა შიდა გარჩევის საგნად გადააქციეს. ჭაბუკებში ქვეყნის ჩემპიონმა ბაჩანა სარქისაშვილმა, ფინალისტმა თორნიკე გვიჭიანმა და პრიზიორებმა გიორგი გელაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა თავიანთი ქვეჯგუფები მოიგეს და ნახევარფინალური ბადე მთლიანად შეავსეს.
ანტალიის ტურნირის ოქროს მედალი გვიჭიანს ერგო, ვინც საქართველოს ჩემპიონატის ფინალის გამეორებაში ამჯერად რევანში აუღო სარქისაშვილს.
იყოჩაღეს გრიგალაშვილმა და გელაშვილმაც. მათ თანამემამულეებთან წაგების შემდეგ უცხოელებს არც ბრინჯაოს მედლები დაუთმეს და 73 კგ-ის კვარცხლბეკი ოთხი ქართული დროშით დაამშვენეს.
81 კგ-ში ოქროს გარეშე დავრჩით. კერკეტი კაკალი გამოდგა ტაჯიკეთის წარმომადგენელი ნაზიროვი. ჯგუფში ქვეყნის ვერცხლის მედალოსანი მიხეილ ბექაური დაგვიმარცხა, ნახევარფინალში ნოდარ ბერიაშვილს მოუგო, ხოლო ფინალში გოჩა ღვაჩლიანს სძლია. როგორ არ ეცადა ღვაჩლიანი, მაგრამ კუნთმაგარ ტაჯიკს ვერაფერი მოუხერხა.
ამჯერად მედლის გარეშე დარჩა ამ წონაში საქართველოს ჩემპიონი პაატა მარტიაშვილი, ვინც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა დათმო ბერიაშვილთან.
ბრინჯაოს მედალი მოიპოვა რეპეშაჟიდან გამოსულმა ბექაურმაც.
90 კგ-ში ქართულ ფინალში ომარ საური და გიორგი ჩიქოვანი გავიდნენ. ჭაბუკებში ქვეყნის ჩემპიონი საური აქაც ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა ძალიან დამაჯერებლად მოჭიდავე ჩიქოვანისგან დიდ წინააღმდეგობას წააწყდა და საბოლოოდ დამარცხდა კიდეც.
ტურნირის მშვენება იყო ვაჟების მძიმე წონა. აქ პირველ ნომრად განთესილი ბელარუსი ხახლოუ აქტიურობდა.
ჯერ ჯგუფში დაგვიმარცხა ლევან ჭელიძე. შემდეგ ნახევარფინალში დამატებით დროში სძლია ნიკა დონღვანს და ფინალის მოგებაზეც არ იტყოდა უარს, მაგრამ ჩვენი ამირან წიქორიძე ასე სულაც არ ფიქრობდა.
გარდა იმისა რომ წიქორიძეს ორი თანაგუნდელის მარცხისთვის რევანში ჰქონდა ასაღები, ამ შეხვედრას კიდევ ერთი ინტრიგა უძღოდა წინ : ვაჟების საერთო ჩათვლაში იმ მომენტისთის ოქროს მედლების რაოდენობით აზერბაიჯანელები გვისწრებდნენ და პირველობას მხოლოდ ქუთაისელი ფალავნის წარმატების შემთხვევაში დავიბევებდით.
წიქორიძემაც არ გაგვაწბილა-თქვა აუცილებლად მოვიგებო და სიტყვა აასრულა კიდეც. ისეთი საფირმო მოგვერდით დასცა მეტოქე რომ იმხელა წონის კაცს თვალებიდან სულ ცეცხლი აყრევინა.
საერთოდ განსაკუთრებული საუბრის თემაა ჩვენი გოგონათა ნაკრების გამოსვლა.
სამი ფინალისტი და სამი ოქროს მედალი !
ასეთი რამ ქართული ქალთა ძიუდოს ისტორიაში ჯერ არ მომხდარა. მწვრთნელების გია თენაძის და კახა მოცრაძის მრავალწლიანმა მუხლჩაუხრელმა შრომამ შედეგი გამოიღო და ნელ-ნელა მოსავალსაც ვიმკით.
შეუდარებელი იყო ეთერ ლიპარტელიანი ( 57 კგ ). ჭაბუკებს შორის ოლიმპიურმა ჩემპიონმა შანსი არ დაუტოვა არც ერთ მეტოქეს. განსაკუთრებით კი ჩეხ ზემანოვას, ვინც ამ ტურნირზეც პირველ ნომრად იყო განთესილი და საერთოდაც ამ ასაკში მსოფლიოში ერთ-ერთ გამორჩეულ მოჭიდავედ ითვლება.
ლიპარტელიანის გამარჯვება ერთი რამის გამოც არის აღსანიშნავი-მან ოპერაცია გაიკეთა და ბოლო ორი თვეა ფაქტობრივად არ უვარჯიშია. საქართველოს პირველობაც ამ მიზეზით გამოტოვა.
თითქმის ანალოგიურ სიტუაციაში იმყოფებოდა კიდევ ერთი ტრიუმფატორი სალომე მჭედლიშვილი ( -70 კგ) . მას მცირე ხნით აქტიური ძიუდოსთვის დანებებული ჰქონდა თავი. თუმცა დაბრუნდა და თან როგორ. ჯერ საქართველოს პირველობაზე შეასრულა დუბლი---ჭაბუკებშიც მოიგო და ახალგაზრდებშიც, და ეხლა აღმასვლა ანტალიის ტურნირის მოგებით დააგვირგვინა.
განსაკუთრებით ფინალში ისრაელის წარმომადგენლის ლანირის დამარცხებაა აღსანიშნავი, ვინც ძალიან სოლიდური სპორტსმენია და მისი დაჯაბვნა იოლი სულაც არ არის.
მივადექით გოგონათა ნაკრების ერთ-ერთ მშვენებას მძიმეწონოსან სოფიო სომხიშვილს. ეს არაჩვეულებრივი გოგონა ცხოვრებაში მშვიდი და წყნარია, ტატამზე კი სრულიად საპირისპიროდ ილეთების მკეთებელ დაუნდობელ მანქანად იქცევა და ვაი მის ბედს ვინც სომხიშვილის ხელში ჩავარდება.
თავად განსაჯეთ ოთხი შეხვედრა, ოთხი იპონი. 26, 1:28, 33 და 38 წამი. ეს ის დროებია რაც სომხიშვილს დასჭირდა მეტოქეების დასამარცხებლად. ამ დროების შემყურე ნათელი ხდება, თუ როგორ სტილში მოიპოვა ჩემპიონობა ქართველმა გოგონამ და რამხელა პოტენციალის მქონეა ის.
კიდევ ერთი მედალი, ოღონდ ამჯერად ბრინჯაოსი მოიპოვა ქართული ქალთა ძიუდოს ერთ-ერთმა მთავარმა ტალანტმა მარიამ ჭანტურიამ ( 63 კგ ). მისი ჭიდაობის გარჩვას არ შევუდგებით, მხოლოდ ვიტყვით, რომ მარიამმა
ამ წლიდან წონა შეიცვალა და ადრე თუ 57 კგ-ში გამოდიოდა ახლა 63-ში ვიხილავთ.
გულშემატკივარს კარგად მოეხსენება წონის შეცვლის შემდეგ ადაპტაციისთვის სპორტსმენებს ხანდახან ერთი წელიც კი სჭირდებათ ხოლმე, და ჭანტურიამ კარიერაში პირველად იასპარეზა ახალ, 63 კგ კატეგორიაში.
ამ ფონზე ვფიქრობთ ბრინჯაოს მედალი ჩემპიონობის დარი წარმატებაც კია.
პირველი შეხვედრები წააგეს შედარებით გამოუცდელებმა: ელენე ბებოშვილმა ( დაბადებული 2001 წელს ) , თიკო რევაზიშვილმა ( 2000 წ ), ქრისტინე მამულაძემ ( ყველა 57 კგ ), ასევე მძიმე წონოსნებმა სალომე მაყიშვილმა ( 2001 წ ), მარიამ ცერცვაძემ და ქრისტინე ფუტკარაძემ.
ვაჟები: 50 კგ. 1. როვშან ალიევი (აზერბაიჯანი), 2. რაშხან ბახიშალიევი (აზერბაიჯანი), 3. ლაშა ნადირაძე (საქართველო), ფარიდ გაზანფაროვი (აზერბაიჯანი) 55 კგ. 60 კგ. 66 კგ. 73 კგ. 81 კგ. 90 კგ. +90 კგ. გოგონები: 40 კგ. 1. დილან დოღანი (თურქეთი), 2. ბაჰარ ინალი (თურქეთი), 3. გამზე საიმა (თურქეთი), ლიდია მარინი (რუმინეთი) 44 კგ. 48 კგ. 52 კგ. 57 კგ. 63 კგ. 70 კგ. +70 კგ. საერთო ჩათვლა : 1. საქართველო 6 ოქრო, 6 ვერცხლი, 12 ბრინჯაო 2. აზერბაიჯანი 4 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო 3. თურქეთი 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 13 ბრინჯაო ვაჟების ჩათვლა : 1. საქართველო 3 ოქრო, 5 ვერცხლი, 10 ბრინჯაო 2. აზერბაიჯანი 3 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო 3. თურქეთი 1 ოქრო, 0 ვერცხლი, 2 ბრინჯაო გოგონების ჩათვლა : 1. საქართველო 3 ოქრო, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო 2. ისრაელი 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო 3. თურქეთი 1 ოქრო, 3 ვერცხლი, 11 ბრინჯაო
ირაკლი ხმელიძე |