საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და “არსენალის” ყოფილმა ფორვარდმა ტიერი ანრიმ, შესაძლოა, ლონდონელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე არსენ ვენგერი შეცვალოს.
Yahoo France-ს ინფორმაციით, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა ვენგერის გადადგომის შემთხვევაში, 66 წლის სპეციალისტის საფეხბურთო ფილოსოფიის გამგრძელებლად და მწვრთნელობის უმთავრეს კანდიდატად სწორედ ანრის მიიჩნევს, რომელიც ამჟამად ტელეკომპანია Sky Sports-ზე ექსპერტად მუშაობს. წყაროს ცნობით, ამგვარი პერსპექტივის წინააღმდეგი არც თავად ანრია და ის მზადაა, თუკი ოფიციალურ წინადადებას მიიღებს, სამუშაო ადგილი დაუყოვნებლივ შეიცვალოს.
არსენ ვენგერი “არსენალს” 1996 წლიდან წვრთნის. გუნდმა მისი ხელმძღვანელობით სამჯერ მოიპოვა ინგლისის ჩემპიონის ტიტული, ექვსჯერ ქვეყნის თასი და სუპერთასი.